ახალი ამბები
„დებილი დედაკაცი“, „რომელი ქურდი შენ ხარ“ - ჭყონდიდის მიტროპოლიტი მონასტრის წინამძღვარს (ვიდეო)

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა თანამდებობიდან გადააყენა.

მანამდე, მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ამის მიზეზი ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრეს შესახებ მსჯელობა და დედა სოსონას მხრიდან ლოცვებში პატრიარქის არ მოხსენიება იყო.

 

„მეუფე პეტრეს მე ბრალდებებს არ ვუყენებ, რომ მისი საკითხი დავაყენო. მე არ ვაპირებ შენთან ამაზე საუბარს, შენ ვინა ხარ ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიშები, რომ ჩაგაბარო. რას ამბობს, რა ჩავატარებინოთ, არა გრცხვენია? შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამბობ ჩავატარებინოთო, ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობთ ვინა ხართ? მეუფე პეტრეს დაანებეთ თავი, მეუფე პეტრემ დაგღუპა. შენ თავს მიხედე, გადაგაყენე წინამძღვრობიდან, ზიარების უფლებას გიკრძალავ... დამთავრებულია. მეუფე პეტრესთან რა ურთიერთობა მექნება, შენ რომელი ქურდი ხარ დამიყენო საკითხი გასარჩევად“, - უთხრა მიტროპოლიტმა დედა სოსანას.
ამის შემდეგ მონაზონმა შეხვედრის ოთახი დატოვა, სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) მონაზვნებთან შეხვედრას მართავდა.

მონაზვნის გასვლამდე, მიტროპოლიტმა მას უთხრა, რომ მანქანა, რითაც დედა სოსანა სარგებლობდა, დაეტოვებინა.

„ის მანქანა ჩემს სახელზეა გაფორმებული“, - თქვა მონაზონმა და ოთახიდან გავიდა.

„მეუფის შოფერმა თავის სახელზე გადაიფორმა მანქანა, რომელიც ეპარქიას საპატრიარქომ გადასცა და რომელიც ეკლესიის ფულით იყო ნაყიდი. რა მაგარი ცხოვრება გაქვთ რა“, - თქვა ეპარქიის ახალმა მმართველმა. 

თავის მხრივ, დედა სოსანა მონასტრის დატოვებას არ გეგმავს და ამბობს, რომ მიტროპოლიტმა მას უწმაწური და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
„მითხრა: ერთი ადგილი დააყენე ქალო... ასეთი სიტყვები არ ეკადრება მღვდელმთავარს. მე ვიცხოვრებ იმ მონასტერში, რომელიც ღვთის წყალობით და  მეუფე პეტრეს დიდი მონდომებით აშენდა, ეს არის ჩემი სახლი, სადაც 14 წელია ვცხოვრობ. ეს არის ჩემი სახლი და ისინი არიან შემოჭრილები, უკანონოდ დადგინებულნი. მივმართავ სინოდს დროულად გამოერკვიონ და მიიღონ ზომები“, - ამბობს დედა სოსანა.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ კვირას, წირვის შემდეგ თქვა, რომ ეპარქიაში „განხეთქილების მომწყობი სასულიერო პირებისა“ და ამბოხში მონაწილე მოქალაქეებს წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. ამასთან, მან „მეამბოხე“ სასულიერო პირებს და მრევლს ზიარების უფლება აუკრძალა.

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც წმინდა სინოდმა ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი ახალ მღვდელმთავარს უნდობლობას და პროტესტს უცხადებს.

 

Print