ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
უფასო ამბულატორიული ცენტრი სოხუმში და კოვიდინფიცირებულთა შემცირებული ნაკადი (ფოტო/აუდიო)
2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, როდესაც აფხაზეთში სამედიცინო დაწესებულებები კოვიდინფიცირებულთა გაზრდილ ნაკადს ვერ აუდიოდნენ, სოხუმში ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა, რომელიც კოვიდდადებით პაციენტებს უფასო მომსახურებას უწევს. მარტიდან მისი მუშაობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გაგრძელდა.

ამ ეტაპზე პაციენტების მომართვიანობა, როგორც ცენტრში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში,  მკვეთრად არის შემცირებული. ცენტრის კოორდინატორი ვალერი ჯინჯოლია ამბობს, რომ 28 თებერვლიდან ცენტრი მუშაობის შემსუბუქებულ რეჟიმზე გადავიდა
1059fm · ვალერი ჯინჯოლია
"მკვეთრად შემცირდა პაციენტების რაოდენობა. იანვრის შუა რიცხვებში დღეში 40-50 ადამიანი შემოდიოდა, ახლა კი მხოლოდ 3-5 პაციენტია. მათგან ორი, ჩვეულებრივ, კოვიდინფიცირებულია. ასევე შემოდიან პოსტკოვიდური პაციენტებიც. ისინი განიკურნენ კორონავირუსისგან და რა თქმა უნდა, სხვა დანიშნულება აქვთ ხოლმე", - განმარტავს ცენტრის კოორდინატორი ვალერი ჯინჯოლია.

მისი თქმით, მომსახურება, რომელსაც ცენტრი მოქალაქეებს დღემდე უწევს, მოიცავს ექიმის უფასო კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში, აკავშირებს პაციენტებს სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან.
1059fm · ამბულატორიული ცენტრის სერვისები
ერთადერთი, რასაც ცენტრის კოორდინატორის თქმით, ისინი ვერ აკეთებენ - პაციენტების პრეპარატებით მომარაგებაა, თუმცა, არსებობს საბაზო მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც ისინი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გასცემენ.
1059fm · საბაზო მედიკამენტებით დახმარებაზე
აღნიშნული ფონდის შევსებაში მათ ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი ეხმარება. ჯინჯოლია განმარტავს, რომ მალე ეს პროგრამაც დასრულდება.  

ბოლო დროს, ცენტრს, სულ უფრო ხშირად, პოსტკოვიდური გართულებების მქონე პაციენტები მიმართავენ. კარდიოლოგი ინგა ფიფია ამბობს, რომ ისინი, ძირითადად, 60 წელს გადაცილებული პირები არიან, რომელთა დიაგნოზი, მეტწილად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასთან არის დაკავშირებული.
1059fm · ინგა ფიფია - კარდიოლოგი
"არის არითმიის შემთხვევები, ასევე, მიტრალური სარქველის ქორდის კუნთების დაზიანება, რაც სერიოზული გართულებაა, რომელიც ქირურგიულ კორექციას საჭიროებს. ასეთ დაავადებულებს აფხაზეთის საზღვრებს გარეთ ვამისამართებთ, რადგან აქ ამის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს. პაციენტების საკმაოდ დიდ ნაწილი, რომელსაც დაინფიცირებამდე ჰიპერტონია არ აღენიშნებოდა, ახლა მაღალ არტერიული წნევას უჩივის. გარდა ამისა, გვაქვს ფილტვის თრომბოემბოლიის შემთხვევები, სამწუხაროდ პროგნოზი არცთუ სახარბიელოა", - ამბობს მედიკოსი.

ინგა ფიფიას თქმით, პოსტკოვიდურ პაციენტებში თრომბოემბოლიით გარდაცვალების შემთხვევებიც არის, თუმცა, ეს ადამიანები კორონვირუსით დაღუპულთა სტატისტიკაში არ ფიქსირდებიან. ამასთან ერთად, როგორც კარდიოლოგი აღნიშნავს, თრომბოემბოლიას, ხშირ შემთხვევაში, სწორედ კორონავირუსი იწვევს.  

აფხაზმა ექიმმა თავადაც გადაიტანა კორონავირუსი, თან საკმაოდ რთულ ფორმებში, ამიტომ ის ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მზადაა აიცრას.
1059fm · "მოგვიწევს ვაქცინაცია" - ექიმი
"ვაქცინაცია მომიწევს, მეორედ არ ვისურვებდი ამის გადატანას, მართალი გითხრათ, მზად ვარ ყოველწლიურად გავიკეთო ვაქცინა და ამ გზით დავიცვა ჩემი ოჯახი და ახლობლები", - ამბობს კარდიოლოგი.

ამ ეტაპზე აფხაზეთში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ აღინიშნება. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღე-ღამეში 15-30-ს არ აღემატება.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print