ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როგორ მუშაობენ სოხუმში კულტურის ობიექტები აკრძალვების მოხსნის შემდეგ (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში ჯერაც მოქმედებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, თუმცა, კულტურის ობიექტების მუშაობაზე აკრძალვა ცოტა ხნის წინ მოიხსნა. სოხუმის რუსულ თეატრში თითქმის ყოველდღე გადის სპექტაკლები, ხოლო ქალაქის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში აქტიურად ეწყობა გამოფენები.

რუსული თეატრის დირექტორის ირაკლი ხინტბას თქმით, მსახიობებს და დასს მკაცრი კარანტინის დროსაც არ შეუწყვეტიათ რეპეტიციები.
1059fm · ირაკლი ხინტბა
"ჩვენ არ გვჭირდება ასეთი შვებულებები სახელმწიფოს ხარჯზე, წლების განმავლობაში არაფრის კეთება ჩვენი გზა არ არის. ეს ეფექტიანი მუშაობაა, ამ წელს და კოვიდიან 2020-შიც, მგონია, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით", - ამბობს ის.  

თეატრის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა ზედმიწევნით დაიცვას და მაყურებლის უსაფრთხოება უზრუნველყოს. თეატრში მისულებს შესასვლელშივე უტარებენ თერმოსკრინინგს, ასევე სთავაზობენ ხელების ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავებას და პირბადეებს. სიფრთხილისკენ მათ სცენიდან მსახიობებიც მოუწოდებენ. 
1059fm · ანტონ შიშკინი
"მგონი, არც თუ ისე რთულია პირბადის ტარება, ან ზედმეტად სახლიდან გასვლისგან თავის შეკავება, ხელების ხშირად დაბანა, ანტისპეტიკური ხსნარის გამოყენება, თუკი ამას ყველა გააკეთებს ქვეყნის მასშტაბით, ეს სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მიგვიყვანს, მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებსა და ქალაქების გამოცდილება ადასტურებს ამას", - ამბობს მსახიობი ანტონ შიშკინი.
1059fm · თეატრის დირექტორი სპექტაკლის შესახებ
"სოლარისიც" ხომ ერთგვარი არამყუდრო, ტოქსიკური, განრიდების სივრცეა, ძირითადად, სწორედ ასეთ პირობებში მოხვედრის შემდეგ შეგვიძლია ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი ვეძიოთ, რეალურად, ბევრი აღმოჩნდა თვითიზოლაციის პირობებში, სიტუაციაში, როდესაც,  ადამიანებმა უბრალოდ თავი დაკარგეს, იმ მიზეზით, რომ მათ არ შეეძლოთ გადართულიყვნენ იმ საქმეებზე, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე,  ცხოვრებაში, ჩვენ სხვა რამეზე გადაგვაქვს ყურადღება, მაგრამ საკუთარ თავთან დარჩენაც აუცილებელია", - ამბობს თეატრის დირექტორი. 

თვითიზოლაციაში ყოფნა მხატვარ ადგურ ამპარსაც გაუჭირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ამ პერიოდში განცდილი მის ნამუშევრებში აისახა.
1059fm · ადგურ ამპარი
"ჩემს ნამუშევრებში ვცდილობდი მეჩვენებინა გარკვეული ტკივილი და ამასთან, სიხარულიც, ის, თუ როგორ შეიძლება ამ ორი გრძნობის თანაცხოვრება ერთ ტილოზე. ეს ერთგვარი დაბადებაა, რასაც ყოველთვის ტკივილი ახლავს ხოლმე, მაგრამ შემდეგ, როდესაც პროცესი სრულდება, ჩვენ გვავიწყდება ეს ტანჯვა და სიხარულით ვხვდებით ამ ამბავს",  - ამბობს აფხაზი მხატვარი.

აფხაზეთის კულტურის ყველა დაწესებულებაში ჰაერის გამწმენდი რეცირკულატორები მუშაობენ, გარდა ამისა - განთავსებულია სანიტაიზერები.

დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი აფხაზეთში მარტიდან მოიხსნა - ამ ეტაპზე მუშაობენ სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის და კვების ობიექტები, (სტუმრების ღია სივრცეებში მიღების პირობით). ამ დრომდე, აკრძალულია, მასობრივი სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.

ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით მოქმედი შეზღუდვები ვაქცინაციის დაწყებამდე გაგრძელდება, თუმცა ვაქცინის შემოტანის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print