ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმი კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში და ისევ ვაქცინაციის მოლოდინში
სოხუმში კორონავირუსის მეორე ტალღაზე და ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაზე საუბრობენ. მედიკოსების თქმით, პაციენტების მომართვიანობამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. ამასთან ერთად, როგორც ისინი აღნიშნავენ, დაავადებაც, ხშირ შემთხვევაში, უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
1059fm · სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გუნია
"ოდნავ უფრო მძიმეა ამ ეტაპზე მიმდინარეობა, ე.წ. ციტოკინური შტორმი უფრო სწრაფად დგება, მათ შორის ახალგაზრდებშიც, 23-დან 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, ასევე 30-დან 45 წლამდე, თუმცა ძირითადად, ისინი მაინც 50 წლამდე პაციენტები არიან, რასაც თანმდევი დაავადებები ახლავს, შაქრიანი დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები", - ამბობს სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გუნია.

ის ჯერჯერობით ვერ ადასტურებს აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას, რადგან, როგორც ამბობს, ამისთვის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. თუმცა, მედიკოსი ვარაუდობს, რომ ზოგ შემთხვევაში, დაავადების კლინიკური მიმდინარეობა სწორედ ახალ შტამზე მიუთითებს.
1059fm · ასტამურ გუნია
"ლაბორატორია და სანეპიდსადგური დაგვპირდნენ დახმარებას, ჩვენ უკვე შევადგინეთ სია და გადავეცით მათ ახალ შტამზე საეჭვო პაციენტების ბიომასალა. უნდა გააკეთონ ამის ორგანიზება. სამწუხაროდ, აფხაზეთში არ გვაქვს რეაქტივები, მათ არ შეუძლიათ გამოიკვლიონ, არის თუ არა ეს შტამი, მხოლოდ საზღვრებს გარეთაა შესაძლებელი. აი, პირობა მოგვცეს და ვნახოთ", - ამბობს აფხაზი ექიმი. 

აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი ვარაუდობს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ძირითადად, მასობრივ ღონისძიებებს, მათ შორის ქორწილებს უკავშირდება, რომლებიც აკრძალვების მიუხედავად მაინც იმართება.

მისივე მონაცემებით, ამ დროისათვის აფხაზეთში კორონავირუსი 13 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაიტანა,  თუმცა, ეს არ არის საკმარისი კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად, ამისთვის მოსახლეობის 70 პროცენტში უნდა გამოვლინდეს დაავადების ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები. ამიტომ, მისი თქმით, გამოსავალს მხოლოდ ვაქცინაცია წარმოადგენს. თუმცა, აფხაზეთში ვაქცინის შემოტანის თარიღი ჯერაც უცნობია.
1059fm · ლუდმილა სკორიკი
"უკვე შეთანხმებულია ყველა დეტალი და ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაცია გამოგვიყოფს ამ ვაქცინას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრანსპორტირების საკითხების მოგვარება, ტრანსპორტირება გართულებულია, რადგან, ამ ვაქცინას შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება, სხვა შემთხვევაში, 6 საათის შემდეგ, ჩვენ უბრალოდ მისი განადგურება მოგვიწევს. ტრანსპორტირება კი მინუს 18-20 გრადუსს გულისხმობს. ეს სპეციალიზირებული ტრანსპორტია და სავარაუდოდ, მოსკოვმა უნდა გამოგვიყოს", - განმარტავს ლუდმილა სკორიკი.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას პირბადეების ტარების რეჟიმი და თავის შეიკავოს მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისგან.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გუდაუთის კოვიდკლინიკაში -  47, მათგან 13 მძიმე მდგომარეობაშია, გაგრაში - 8 კოვიდდადებითი პირი გადის მკურნალობის კურსს, ოჩამჩირეში – 11, ხოლო ტყვარჩელში 2.  სოხუმის საავადმყოფოში, დღეში საშუალოდ, 4 ადამიანს ათავსებენ სტაციონარში, ამდენივე გაეწერება ბინაზე. 8 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

12 აპრილს მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა შეზღუდვები კიდევ 1 თვით გაახანგრძლივა. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების შემთხვევაში, ისინი კონტროლის და რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავენ.  


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print