ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
მწყრის ფერმა აფხაზეთში - ბიზნესი პანდემიისა და ენერგოკრიზისის პირობებში

დენის სოლომკო აფხაზეთში უმსხვილესი მწყრის ფერმის "ხარა ხაჩას" ხელმძღვანელია. ოჯახის მიერ რამდენიმე წლის წინ წამოწყებული საქმე, ბიზნესად აქცია, რომელსაც

უკვე რამდენიმე წელია ავითარებს. საწარმო არც პანდემიის დროს გაჩერებულა, როგორც მეწარმე ამბობს, მწყრის მოშენება - მოვლის და  წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ახლაც განაგრძობენ.

 

1059fm · ყველა პროცესი ავტომატიზირებულია -
დენის სოლომკო
"პრაქტიკულად ამ ტიპის ფერმისთვის საჭირო თითქმის ყველა პროცესი ავტომატიზირებულია, შესაბამისი მიკროკლიმატის შექმნის ჩათვლით, ერთდერთი, რასაც ჯერჯერობით ხელით ვაკეთებთ, საკვების მიწოდებაა, ისიც იმიტომ, რომ ძალიან პატარა ფართობის გამო სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ", - ამბობს სოლომკო.  

მეწარმის ინფორმაციით, ფერმას წელიწადში 50-დან 70 ათასამდე ფრთის და 3 ათასამდე კვერცხის წარმოების პოტენციალი აქვს, თუმცა, ამ მასშტაბებზე ჯერჯერობით ვერ გადიან, რადგან გასაღების ბაზარი არც თუ ისე დიდია. მიუხედავად მათ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნისა, ჯერჯერობით იმპორტირებულ ანალოგს ვერ უწევენ კონკურენციას. წარმოების მასშტაბებიდან გამომდინარე ისინი თავის პროდუქციას მომხმარებლებს უფრო დაბალ ფასად სთავაზობენ.
1059fm · იმპორტთან ბრძოლა ყველაზე რთულია - მწყრის ფერმის მფლობელი
"ჩვენი მაღაზიები, ასევე სუპერმარკეტების ქსელები, ძალიან ხშირად, სწორედ ამ მოგებაზე მუშაობენ, ამ სხვაობის გათვალისწინებით, შესაბამისად, იმპორტთან ბრძოლა ყველაზე რთულია", - განმარტავს ის. 

დენის სოლომკოს თქმით, ისინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებენ, რადგან საწარმოში ქარხნული წარმოების, ქიმიური მინარევებით გაჯერებულ საკვებს არ იყენებენ.
1059fm · დენის სოლომკო
"საიდუმლო სწორედ პროპორციებშია - სიმინდი, ხორბალი, კოპტონი, ქერი, ბარდა, სოიოს შროტი, შვრია, ცარცი, ძვლისა და ნიჟარის ფქვილი, საფუარი, ვიტამინის დანამატები, მარილი, ლუცერნის თესლი ...", - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ფერმა მწყრის საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეურნეობის შემცირებასაც ფიქრობდნენ, რადგან საკვების ინგრედიენტებიდან, მხოლოდ ერთი - თევზის ფქვილი მზადდება აფხაზეთში, დანარჩენი კი რუსეთიდან შემოაქვთ.

გარდა ამისა, დიდ პრობლემად იქცა ელექტროენერგიაზე დაწესებული შეზღუდვები, იყო შემთხვევა, როდესაც მეწარმეს 2500 კვერცხის გადაყრა მოუხდა, რადგან არასაკმარისი ძაბვის გამო ინკუბატორებში შესაბამისი ტემპერატურა ვერ შეინარჩუნეს.
1059fm · ელექტროენერგიაზე დაწესებული შეზღუდვები ყველაზე დიდი პრობლემაა - სოლომკო
"ფაქტობრივად, ერთ-ერთი ინკუბატორის აგრეგატი, რომელიც დაახლოებით ასი ათასი ღირს, მწყობრიდან გამოვიდა, ე.წ. ტვინი ანუ ინკუბატორის მართვის ბლოკი მიკროსქემას წარმოადგენს, შესაძლოა არა ტელეფონის დონეზე, მაგრამ, თუკი მას დღეში რამდენჯერმე, ჩავრთავთ და გამოვრთავთ, უბრალოდ - გადაიწვება. ახლა მისი გამოცვლის საკითხი დგას, რადგან შეკეთებას უკვე აზრი არ აქვს, სადღაც 5 - ჯერ მაინც შევაკეთეთ, შევიძინეთ გენერატორი, რაც 50 ათასი დაჯდა", - ყვება მეწარმე.

მისი თქმით, საკითხი ამ ეტაპზე მოგვარებულია, მაგრამ დენის პერიოდულად გათიშვა და ჩართვა აზიანებს დანადგარებს, შედეგად კი ზარალდება საწარმო.

დენის სოლომკო აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, ასევე მზად არის საკუთარი გამოცდილება დამწყებ მეწარმეებს გაუზიაროს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.











 

Print