ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
რუსული ვაქცინის პირველი პარტია სოხუმში და ვაქცინაციის კამპანიისთვის მზადება (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში რუსული ვაქცინის "სპუტნიკ ვ"-ის პირველი პარტია ჩაიტანეს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის გეგმა უნდა შეადგინონ და ორგანიზაციული საკითხები მოაგვარონ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. მანამდე კი ვაქცინებს, ინსტრუქციის შესაბამისად, სპეციალურ პირობებში შეინახავენ.
1059fm · ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზად ვართ - წახნაკია
"ჩვენ ნორმატიული დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც დაარეგულირებს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, იმას, თუ სად და რომელი დაწესებულების ბაზაზე დაიწყება რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, ამის შესახებ გავაკეთებთ განცხადებას, ვფიქრობ, მთელი ეს კვირა დაეთმობა მოსამზადებელ ღონისძიებებს, პრაქტიკულად, მომავალ კვირაში დაიწყება ვაქცინაციის კამპანია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ.  

მისი თქმით, ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და უფასო. პირველ რიგში აიცრება მედპერსონალი, შემდეგ კი ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, ასევე პედაგოგები. წახნაკიას ინფორმაციით, რუსული ვაქცინის 6500 დოზა, რომელიც სოხუმმა მიიღო, მხოლოდ პირველი ტრანშია და უახლოეს მომავალში, ისინი კიდევ 30 000 დოზას ელოდებიან. მეორე პარტიის მოწოდების ვადები და მოცულობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პირველ პარტიას აითვისებენ.
1059fm · 30 000 ადამიანის აცრა შედეგს მოგვცემს
"თუკი ჩვენ 30 ათას ადამიანს მაინც ავცრით, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 14 ათასმა პირმა გადაიტანა ვირუსი, საუბარია ჩვენს ბაზაში აღრიცხულ ადამიანებზე, ეს გარკვეულწილად, კარგ შედეგს მოგვცემს, ინფიცირების შემთხვევების შემცირების თვალსაზრისით", - ამბობს უწყების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთი მომავალში შეისყიდის ვაქცინას, რისთვისაც 2021 წლის ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას გამოყოფენ.  
1059fm · მომავალ წელს 50 მილიონი რუბლია გამოყოფილი კორონავირუსთან ბრძოლისთვის
"2021 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, 50 მილიონი რუბლია გამოყოფილი და ეს თანხა გათვლილია კორონავირუსთან ბრძოლისთვის, მედიკამენტების და სამედიცინო მასალის, ასევე ლაბორატორიისთვის რეაგენტების შესაძენად, მათ შორის PCR დიაგნოსტირებისთვის. ეს არ არის მკაცრად განსაზღვრული ჩამონათვალი, ასე რომ, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს თანხა ასევე გაიწერება მედიკამენტების გრაფაში", - აღნიშნა წახნაკიამ.

გარდა ამისა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო სტავროპოლის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტთან თანამშრომლობასაც გეგმავს. მათ მიერ შემუშავებული ღონისძიებების თანახმად, აფხაზი და რუსი მეცნიერები ერთობლივად იმუშავებენ ვირუსის იმ შტამების გამოვლენაზე, რომლებიც აფხაზეთში ცირკულირებენ, ასევე, რესპუბლიკის მოსახლეობის იმუნური სტატუსის განსაზღვრაზე. ამავე ინფორმაციით, სტავროპოლში მოამზადებენ ახალ კადრებს აფხაზეთში ახალი PCR ლაბორატორიების გასახსნელად. 
1059fm · კიდევ ორ PCR ლაბორატორიას ვხსნით - წახნაკია
"ჩვენ კიდევ ორ PCR ლაბორატორიას ვხსნით, ერთს - ოჩამჩირეში, მეორეს - გაგრაში. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები და ბუნებრივია, მათ სტავროპოლის ინსტიტუტის ბაზაზე მოამზადებენ. მათი სპეციალისტებიც ჩამოვლენ აქ მორიგეობით, რათა ჩვენი ექიმი - ლაბორანტები მოამზადონ, რომლებიც ამ ახლად გახსნილ ბაზებზე იმუშავებენ", - განმარტა წახნაკიამ.  

მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად, იმატა სულ უფრო ხშირად ფიქსირდება მძიმე შემთხვევები, დაავადების გართულებები, უკვე მეოთხე, მეხუთე დღეს იჩენენ თავს. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში აფხაზეთში 334 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 52 - ს  Covid– 19 დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 45 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 26 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37 კოვიდდადებითი პირია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 13, გაგრის საავადმყოფოში - 21, ტყვარჩელში კი - 5 პაციენტი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 795 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა - 13 780 ადამიანი, გარდაიცვალა - 222 პაციენტი.



მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ. 

Print