ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვაქცინაცია აფხაზეთში და "ნატვრის ხეებზე" გამობმული პირბადეები (ფოტო/აუდიო)

აფხაზეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 150 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის მსურველები წინასწარ რეგისტრირდებიან. მეტწილად, ისინი სხვადასხვა ორგანიზაციის 60 წელს ზემოთ

ასაკის თანამშრომლები არიან, რომლებიც პანდემიის გამო დროებით გაათავისუფლეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.

"ახლა ურთიერთობა შეზღუდული გვაქვს ასაკის გამო, ბევრი ჩვენი თანამშრომელი არ დადის სამსახურში, იმიტომ, რომ ეშინიათ დაინფიცირების, მკურნალობა ძალიან რთულია, დაავადების შედეგებიც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ეს ყველაფერი", - ამბობს სოხუმელი ქალი, რომელმაც ვაქცინაციის სურვილი გამოთქვა. 
1059fm · სოხუმელი ქალი

სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი, სანამ ვაქცინებს აფხაზეთში ჩამოიტანდნენ, რუსეთშიც კი გეგმავდა წასვლა ასაცრელად. ახლა, უკვე ადგილზე გაიკეთებს ვაქცინას.

"კი, ჩემი სურვილი იყო, რუსეთშიც კი ვაპირებდი წასვლას, იმიტომ რომ, ჩემს თავს და გარშემომყოფებს მინდა გავუფრთხილდე", - ამბობს ხანდაზმული ქალი.
1059fm · ვაქცინირებული მოქალაქე
აფხაზეთში ტურისტული სეზონის დაწყება კიდევ ერთი არგუმენტია, რის გამოც ბევრმა ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა. მოქალაქეები შიშობენ, რომ დამსვენებლების ნაკადის ზრდასთან ერთად, ინფიცირების შემთხვევებიც მოიმატებს. მით უმეტეს, რომ მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციებისა, არც ადგილობრივები და არც ტურისტები, პირბადეს თითქმის არ ატარებენ.

1059fm · რეჟიმს არავინ იცავს - გიდი
"პირბადეების რეჟიმს არავინ იცავს, ადამიანები მშვიდად დადიან პირბადეების გარეშე, ახლა მოგზაურობის დროს, ტურისტები პირბადეებს კიდებენ ხიდებზე და იმ ადგილებში, სადაც სურვილებს ჩაიფიქრებენ ხოლმე, 2021 წელს სურვილს ჩაიფიქრებენ და ნატვრის ხეზე და სხვა ადგილებში პირბადეებს გამოაბამენ ხოლმე", - ყვება ტურისტული გიდი ვიქტორია.


ტურისტულ სფეროში მუშაობის მიუხედავად, ვიქტორია ვაქცინის გაკეთებას არ გეგმავს, რადგან რუსულ პრეპარატს "სპუტნიკ ვ"-ს არ ენდობა.
1059fm · ვაქცინას არ გავიკეთებ - გიდი
"არ გავიკეთე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, მე წინააღმდეგი ვარ ვაქცინაციის, აი, სადმე ამერიკაში რომ ვცხოვრობდე და ვაქცინაც "სპუტნიკი" რომ არ იყოს, მაშინ დავფიქრდებოდი ალბათ, თუმცა ახლა არა, არ ვაპირებ და არ გავიკეთებ“, - ამბობს ვიქტორია.

ასეთი ატმოსფერო ტურისტებსაც მოსწონთ. მათი თქმით, აფხაზეთში საერთოდ არ იგრძნობა, რომ პანდემიაა, თითქოს არც არასოდეს ყოფილა კორონავირუსი.

"შეზღუდვები, სინამდვილეში, საერთოდ არ მიგვრძვნია, პირბადეების რეჟიმი პრაქტიკულად არ მოქმედებს, ყველა ექსკურსია ხელმისაწვდომია, ისედაც არაჩვეულებრივად ვისვენებთ. მართალი გითხრათ, არც ველოდი ამას", - ამბობს რუსი ტურისტი.
1059fm · რუსი ტურისტი

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი აფხაზეთში 13 მაისს შემსუბუქდა, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.
რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის "სპუტნიკ V" - ის პირველი პარტია,  მოსკოვიდან სოხუმში 30 აპრილს ჩაიტანეს.



მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print