ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პანდემიის გამო გადადებული "ბოლო ზარი" და აფხაზი აბიტურიენტების შეცვლილი გეგმები (ფოტო/აუდიო)
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს აფხაზეთის სკოლებში ბოლო ზარი გაცილებით უფრო გვიან, 25 ივნისს დაირეკება. უფრო დაბალი კლასებისთვის კი სასწავლო წელი კი 15 ივნისს დასრულდება. 

ხანგრძლივი კარანტინი, რომელიც ოქტომბრიდან თებერვლამდე გაგრძელდა, მოსწავლეებისთვის, მათ მათ შორის მე-11 კლასელებისთვის გამოწვევად იქცა. სკოლების უმრავლესობა ვერც დისტანციურ სწავლებაზე გადაეწყო.   

"თავიდან, მოგვეწონა კიდეც, რომ სკოლაში არ უნდა გვევლო, მერე მოვიწყინეთ. კლასელებს ვერ ვხდებოდით, ვერ ვხალისობდით ძველებურად შესვენებებზე, გაკვეთილებზეც... თუმცა, სწავლას ვაგრძელებდით, წინ ხომ მისაღები გამოცდები გველოდება, რეპეტიტორებთანაც ვმეცადინეობდით, მშობლებიც უფრო მომთხოვნები გახდნენ. ჩვეული ხალისი, რაც სასკოლო ცხოვრებას ახლავს ხოლმე, სადღაც გაქრა", - ყვება დამამთავრებელი კლასის მოსწავლე სალომეა ჯინჯოლია.
1059fm · სალომეა ჯინჯოლია

როგორც ამბობს, პანდემიის მიუხედავად, მისი თანატოლების დიდი ნაწილს, სწორედ წელს უნდა ეფიქრა სამომავლო გეგმებზე, იმაზე, თუ სად გააგრძელებდნენ სწავლას სკოლის დასრულების შემდეგ. მასწავლებლები ცდილობდნენ, რომ მეტი დრო დაეთმოთ გამოსაშვები კლასებისთვის. თუმცა, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო რეპეტიტორებზე.
1059fm · სოხუმელი მოსწავლე
"უცნაურია, რომ სკოლაში მისვლა აგვეკრძალა, თუმცა, ვფიქრობ, შეიძლებოდა, პატარა 10 კაციანი ჯგუფების შექმნა და გაკვეთილების ჩატარება. მასწავლებლებზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ პროგრამას არ ჩამოვრჩენოდით. დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო, სხვა თუ არაფერი, ჩვენი გულისთვის საკუთარ ჯანმრთელობას აყენებდნენ რისკის ქვეშ", - ამბობს სოხუმელი მოსწავლე.  

ის ყვება, რომ პანდემიამ აბიტურიენტები გეგმები სრულიად შეცვალა. ბევრი მათგანი, ვინც საზღვარგარეთ გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, საზღვრების დაკეტვის გამო, ვერსად მიდის. გარდა ამისა, აფხაზი კურსდამთავრებულებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გათვალისწინებულია გარკვეული კვოტები, თუმცა, აბიტურიენტების ნაწილმა, ისევე როგორც სალომეამ, უარი თქვა ამ შესაძლებლობაზეც.
1059fm · ვამაყობთ, რომ პანდემიის გამოსაშვები კლასი ვიქნებით - მოსწავლე
"რუსეთში ვაპირებდი ჩაბარებას, თუმცა, ბოლოს მაინც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავწყვიტე, ზამთარში რომ ისევ კარანტინი დააწესონ და საზღვრები დაკეტონ, ისევ დისტანციურზე გადაგვიყვანონ, სახლიდან ასე შორს ყოფნა ძალიან გამიჭირდება. წელს ძალიან არ გაგვიმართლა, თუმცა, მაინც ვამაყობთ, რომ პანდემიის გამოსაშვები კლასი ვიქნებით", - ამბობს აბიტურიენტი.

მისაღებ გამოცდებამდე, აფხაზეთის სკოლების დამამთავრებელ კლასებს ერთი თვე დარჩათ, როგორც ჩანს, აბიტურიენტების ცხელი პერიოდი, ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეებს დაემთხვევა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print