ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვაქცინაციის მეორე ეტაპი სოხუმში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში ამ დრომდე რუსული ვაქცინა "სპუტნიკ V"- ის მეორე დოზით 200-მდე ადამიანი აიცრა, 4 ათასამდე პირმა კი პირველი დოზა გაიკეთა. ამ ეტაპზე, იმუნიზაციის 4 პუნქტი მოქმედებს. ვაქცინაციის მსურველები წინასწარ რეგისტრირდებიან.  

სოხუმის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ვიაჩესლავ აბუხბას თქმით, ვაქცინაციის მეორე ეტაპი სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მედპერსონალი აიცრა.
1059fm · ვიაჩესლავ აბუხბა
"სოხუმის საქალაქო საავადმყოფოში, იმუნიზაციის სხვა მოქმედ პუნქტებთან ერთად, მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება, ჩვენ ავცერით ჩვენი თანამშრომლები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია", - აღნიშნა მან.

"სპუტნიკ V "-ის ვაქცინით აცრის მსურველები წინასწარ ეცნობიან დოკუმენტს, რომელშიც საუბარია შესაძლო გვერდით მოვლენებზე, თუმცა, მედიკოსები წინასწარ აფასებენ იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინც თანახმაა სამედიცინო პროცედურის ჩატარებაზე. ექიმის ჩვენების შემთხვევაში, შესაძლოა პირს უარიც ეთქვას ვაქცინაციაზე.
1059fm · ვიქტორია გეთია
"პირველ რიგში, პაციენტი ხელს აწერს თანხმობას, მე ვუხსნი მათ, რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს პრეპარატს, ვესაუბრები ვაქცინაციის მიზანშეწონილობის შესახებ, მოკლედ, ვპასუხობ მათთვის საინტერესო კითხვებს, მერე ანკეტას ავსებენ, ვუსვამ მათ სტანდარტულ კითხვებს, აქვთ თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება, ჰქონდათ თუ არა კონტაქტები", - ამბობს თერაპევტი ვიქტორია გეთია.

ამ დრომდე, აფხაზეთში ვაქცინაციის შედეგად გართულების შემთხვევები არ დადასტურებულა, ასევე, არავის განუცხადებია უარი ვაქცინის მეორე დოზაზე. მედიკოსების მტკიცებით, რეგისტრაცია "სპუტნიკ V"- ზე აქტიურად მიმდინარეობს, ივნისი მთლიანად დაჯავშნილია. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. გასული დღეს - ღამის განმავლობაში რესპუბლიკაში Covid 19-ის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი აფხაზეთში 13 მაისს შემსუბუქდა, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.

რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის "სპუტნიკ V"-ის პირველი პარტია მოსკოვიდან სოხუმში 30 აპრილს ჩაიტანეს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print