ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმი ახალი აკრძალვების მოლოდინში - გაუარესებული ეპიდვითარება და ვირუსის ახალი შტამები (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და მოსახლეობას რუსული პრეპარატით "სპუტნიკ ვ-ით" ცრიან, ბოლო კვირაში ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. დაფიქსირდა ვირუსის ახალი - ბრიტანული და ინდური შტამები. 

ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზად მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის მრავალრიცხოვანი ქორწილების ჩატარებას და მოქალაქეების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების უგულვებელყოფას ასახელებს.
1059fm · ლუდმილა სკორიკი
"ძალიან მოკლე დროა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა დაინფიცირდეს. ტარდება საქორწილო და სამგლოვიარო ღონისძიებები, სადაც ადამიანები არ იცავენ ძირითად მოთხოვნებს, პრევენციის მიზნით, ანუ არ ატარებენ ნიღბებს და მჭიდრო კონტაქტში არიან ერთმანეთთან, რითაც გამოხატავენ პატივისცემას ნათესავებისა და ახლობლების მიმართ...სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანებს შეიძლება დიდ რაოდენობას გადაეცემა ვირუსი", - ამბობს სკორიკი. 

სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ასტამურ გუნიას თქმით, პანდემიის პირველ ეტაპთან შედარებით, შეიცვალა დაავადების მიმდინარეობაც. პაციენტების მდგომარეობა უფრო სწრაფად მძიმდება, ასევე გაახალგაზრდავდა ჰოსპიტალიზებულების ასაკიც. 
1059fm · ასტამურ გუნია
"დაავადების ერთ - ერთი ფაზა, ე.წ. ციტოგენური შტორმი უფრო მალე დგება. უფრო სწრაფად პროგრესირებს და ბავშვებიც სულ უფრო ხშირად ინფიცირდებიან, მათ ხშირ შემთხვევაში, პნევმონია უდასტურდებათ, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს", - ამბობს ასტამურ გუნია.

მედიკოსის თქმით, სეზონის გახსნის შემდეგ, გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული ტურისტების მომართვიანობაც. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოხუმის ინფექციურში სამი ტურისტი გადის მკურნალობის კურსს. ასტამურ გუნია ამბობს, რომ აფხაზეთში ჩამოსული დამსვენებლები, ხშირად სოხუმში გადიან PCR ტესტირებას და მათ ნაწილს Covid-19 უდასტურდება.
1059fm · ტურისტების ნაწილს Covid-19 ჩვენთან უდასტურდება - ექიმი
"ისინი უკვე ინფიცირებულები ჩამოდიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და ძალიან პატარა პროცენტი ინფიცირდება აქ, ადგილზე. ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ დეტალური შესწავლისა და ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ", - განმარტავს გუნია.  

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ერთდერთი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აფხაზეთში კოვიდ პაციენტებს ემსახურება, მწყობრიდან გამოვიდა. აფხაზმა მედიკოსებმა უკვე მიმართეს ტოშიბას წარმომადგენლობას რუსეთში მისი შეკეთების თხოვნით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ედუარდ ბუთბას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის დროს საკმაოდ დიდი თანხა გამოყო ბიუჯეტიდან, თუმცა ესეც არაა საკმარისი. 
1059fm · ედუარდ ბუთბა
"პანდემიის დაწყებიდან 29 ივნისის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ინფუზიური ხსნარები, ანტიბიოტიკები, იმუნოდეპრესანტები, ანტიკოაგულანტები, სამედიცინო აღჭურვილობა, ლაბორატორიული რეაგენტები, ინდივიდუალური დაცვის და სადეზინფექციო საშუალებები. გუდაუთის ცენტრალურმა საავადმყოფომ მიიღო 140 მილიონ 955 ათასი რუბლი, სოხუმის ინფექციურმა 27 მილიონ 40 ათასი რუბლი. გაგრის რაიონის ცენტრალურმა საავადმყოფომ 20 მილიონი, ტყვარჩელის რაიონის საავადმყოფომ 5 მილიონ 705 ათასი რუბლი, ოჩამჩირის საავადმყოფომ 9 მილიონ 518 ათასი რუბლი".

აფხაზეთის ექსპერიმენტული პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ალისა მატუას თქმით, ხშირად პაციენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ ანალიზებთან დაკავშირებით და ყველა მაჩვენებლის უფასო კვლევებს ითხოვენ, რაც შეუძლებელია.
1059fm · ალისა მატუა
"სხვადასხვა სიმძიმის ამბულატორიული პაციენტები ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოს მიმართავდნენ, სადაც ხდებოდა ბიოლოგიური მასალის შეგროვება და მომდევნო დღეს ანალიზების პასუხი მზად ჰქონდათ. ანუ, ეს იყო საერთო ანალიზი და ჰემოსტაზი, ასევე ბიოქიმიური კვლევები. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საშუალო სიმძიმის პაციენტებს არ უკეთდებათ D-დიმერი, პროკალციტონინი, ინტერლიკინი და სხვა სპეციფიური კვლევები. თუმცა, ზოგიერთი მათგან დაჟინებით ითხოვს, რომ მათ ეს კვლევები ჩაუტარდეთ".

გართულებული ეპიდვითარების ფონზე, კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა მინისტრთა კაბინეტს შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდა. კერძოდ, უნდა დაწესდეს აკრძალვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, შაბათს 3 ივლისს, სოხუმში ქალაქის დღის მასშტაბური აღნიშვნა იგეგმება.

2 ივლისის მონაცემებით, აფხაზეთში 442 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან Covid-19 კიდევ 153 პირს დაუდასტურდა. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 17 197 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 15 438 გამოჯანმრთელდა, 245 გარდაიცვალა.

ამ დრომდე კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 4 682 ადამიანი, 2 197 კი მეორე დოზითაც. ვაქცინაციის კამპანია რესპუბლიკაში 11 მაისს დაიწყო. მოქალაქეებს, რუსული პრეპარატით "სპუტნიკ V-ით" ცრიან.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.



Print