ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
რესურსი იწურება - აფხაზი მედიკოსები შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვენ (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკის კოვიდ-კლინიკებში 288 პაციენტია მოთავსებული, მათგან, გუდაუთაში - 161 კოვიდ ინფიცირებული პაციენტია, სოხუმის ინფექციურში - 44, ტყვარჩელში – 15, ოჩამჩირეში - 25, გაგრაში კი 43. ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას თქმით, კოვიდ დადასტურებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, თითქმის ყოველ საათში ხდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც დიდი დატვირთვის მუშაობს. მობილიზებულია მათ ხელთ არსებული ყველა რეზერვი, რათა ადამიანებმა სრულყოფილი სამედიცინო დახმარება მიიღონ.

ბუთბა აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა პროგნოზირებადი იყო, რადგან მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ სპეციალისტების გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეები არ იცავდნენ ნიღბების ტარების რეჟიმს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
1059fm · ედუარდ ბუთბა
"ამიტომაც მიმართავდა შეშფოთებით მთელი სამედიცინო საზოგადოება ჩვენს მოქალაქეებს და მოუწოდებდა მათ ეტარებინათ ნიღბები, დაეცვათ დისტანცია, არ შეკრებილიყვნენ დახურულ სივრცეებში და არ დასწრებოდნენ ხალხმრავალ ღონისძიებებს, მოქალაქეებმა არ გაითვალისწინეს ეს რეკომენდაციები, შედეგად მივიღეთ ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. გვქონდა შემთხვევები, როდესაც საზეიმო ღონისძიებების შემდეგ, მთელი ოჯახი მოგვმართავდა და მათი ჰოსპიტალიზაციაც გვიწევდა ჩვენს პროფილურ კოვიდ დაწესებულებებში", - ამბობს ბუთბა.

ის დარწმუნებულია, რომ მკაცრი შეზღუდვების გარეშე, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. თუმცა, როგორ ამბობს, ოპერატიულ შტაბს ჯერ არც კი განუხილავს რეკომენდაციები, რომლითაც მათ ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.
1059fm · ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
"ვთვლი, რომ უნდა შეიზღუდოს ბაზრის მუშაობა, ასევე მოვაჭრეთა კონცენტრაცია…ორგანიზაციებმა უნდა გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, მათ შორის, შეიზღუდოს 60 წელს ზემოთ მოქალაქეთათვის სამუშაო ადგილზე ყოფნა, აიკრძალოს გასართობი და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, კვების ობიექტებში, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში...", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, რესპუბლიკაში მოქმედი ერთადერთი ლაბორატორია ვერ აუდის PCR - დიაგნოსტირების მსურველთა ნაკადს.
1059fm · ასტამურ გუნია
"PCR - ზე ისევ რიგებია, ორი დღის ჯავშანი შევსებულია, ამის შემდეგ უკვე ბიოლოგიურ მასალის აღება დაიწყება, ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ შეგვზღუდეს და დღეში მხოლოდ 60 პაციენტის მიღება შეგვიძლია, უფრო მეტს უბრალოდ ვერ აუდიან, ლაბორატორიის თანამშრომლები დილიდან ღამის 12 საათამდე მუშაობენ და როგორც კი მუშაობას მორჩებიან, გვაწვდიან პასუხებს... ამ პერიოდის განმავლობაში ერთი და იგივე კოლექტივი მუშაობს", - ამბობს სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გუნია.

ვაქცინაციის პროცესს რაც შეეხება, რუსული "სპუტნიკ V – ის" პირველი პარტია აფხაზეთში უკვე ამოიწურა. ამ ეტაპზე ცრიან მხოლოდ მათ, ვინც მეორე დოზაზე იყო დარეგისტრირებული. რუსული კოვიდ საწინააღმდეგო პრეპარატის მორიგ პარტიას აფხაზი მედიკოსები ივლისის ბოლოსთვის ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დოზა ვაქცინას მიიღებენ მოსკოვისგან. ამავე ცნობით, პირველ რიგში ის მოქალაქეები აიცრებიან, ვინც უკვე დარეგისტრირებულია.
1059fm · ვაქცინაცია
"მეორე კომპონენტით ვაქცინაცია დასასრულისკენ მიდის, ყველაფერი საკმოდ მშვიდად მიმდინარეობს, ფორს - მაჟორული სიტუაციების გარეშე, ამ მხრივ არანაირი დარღვევები არ გვაქვს, ყველაფერი პროტოკოლით ხორციელდება. როდესაც შემდეგი ვაქცინა ჩამოვა, იმ მოქალაქეებს გავითვალისწინებთ, ვინც უკვე აღრიცხულია ჩანაწერებში, სწორედ ისინი მიიღებენ ვაქცინას, მაშინათვე დაიწყება ვაქცინაცია", - აცხადებენ უწყებაში.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვაქცინის რამდენ დოზას შემოიტანენ აფხაზეთში. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით აფხაზი მედიკოსები უმკლავდებიან სამედიცინო დაწესებულებებზე გაზრდილ დატვირთვას, მაგრამ, ახლო მომავალში ეს რესურსი არასაკმარისი იქნება. ამიტომ, გარდა ვაქცინებით უზრუნველყოფისა, მათ რუსი კოლეგების დახმარების იმედიც აქვთ, ისევე როგორც ეს კორონავირუსის პირველ ტალღის დროს მოხდა, როდესაც სოხუმში რუსული სამხედრო ჰოსპიტალი მოეწყო.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print