ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საგანგაშო ეპიდსიტუაცია აფხაზეთში და დეპუტატების ნაწილის უარი შეზღუდვების დაწესებაზე (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთის კოვიდკლინიკები გადავსებულია, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საგანგაშოა და მთავრობას შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ედუარდ ბუთბას მიმართვას აფხაზი დეპუტატების ნაწილი გამოეხმაურა და შესაბამისი დადგენილებაც მოამზადა, თუმცა კოლეგების უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.  აკრძალვების დაწესების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ომარ ჯინჯოლია, მიიჩნევს, რომ ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო უნდა წყვეტდეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს.
1059fm · ომარ ჯინჯოლია
"მინისტრის მიმართვას შტაბი განიხილავს...ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება უკეთესი ან უარესი, ამიტომ, მოდით, ადამიანებს მუშაობის საშუალება მივცეთ, იქნებ მათ ისეთი რამე გააკეთონ, რომ ხვალიდან კოვიდი საერთოდ არ გვექნება", - ამბობს დეპუტატი.

საკითხის განხილვა პარლამენტში მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატი ვალერი აგრბა მიიჩნევს, რომ პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნის იგნორირების უფლება არ აქვს, რადგან ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფხაზეთში დღითიდღე უარესდება.
1059fm · ვალერი აგრბა
"ის, რომ ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც დაუღალავად მუშაობს და დილიდან საღამომდე დადის კოვიდ ზონებში, რომლის უფლებამოსილება და მოვალეობაცაა, იმოქმედოს ამ სიტუაციაში, მიმართავს პარლამენტს დახმარებისთვის, ნიშნავს იმას, რომ საკოორდინაციო შტაბი არ მუშაობს ისე, როგორც ეს 2020 წელს იყო, ჩვენ მაშინ მხოლოდ 4 ინფიცირებული გვყავდა და სიკვდილიანობა საერთოდ არ გვქონია, ახლა კი დღე-ღამეში 200-მდე ადამიანი ინფიცირდება და 5 მაინც კვდება და ჩვენ ამას უარვყოფთ და ვამბობთ, რომ ეს არ ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას", - განაცხადა აგრბამ.

მას მხარი დაუჭირა დეპუტატმა გარი კოკაიამ, რომლის მტკიცებით, ხელისუფლებას ტურისტული სეზონის დასაწყისშივე "გაექცა სიტუაცია ხელიდან", გარდა ამისა, მან სათანადოდ ვერ უზრუნველყო საზღვრის კონტროლი და მოსახლეობის დაცვა ვირუსის გავრცელებისგან, ვერ გათვალა რისკები, რაც ტურისტების შემოსვლას შეიძლება მოჰყოლოდა.
1059fm · გარი კოკაია
"საკურორტო სეზონი დაწყებამდე უნდა დაგეწესებინათ შეზღუდვები, სანამ ჭიშკარს გახსნიდით. არაფერი გაქვთ საამაყო, გგონიათ, რომ პრეზიდენტს შეეხება ეს, მას იცავთ, თუმცა, ჩვენ ჩვენი ხალხის დაცვა გვინდა, სხვები სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ, მე ვთვლი, რომ ჩვენ არასაკმარისად ვრეაგირებთ ამ საკითხებზე და ჩვენ ჯანდაცვას არ აქვს მხარდაჭერა. ადამიანები ხელფასების გარეშე რჩებიან, ამასთან ერთად, სხვა ყველაფერი კარგად ფინანსდება. ჩვენი დაფინანსებაც არ ფერხდება რატომღაც, ექიმების დანამატი კი ყოველთვის იგვიანებს", - განაცხადა კოკაიამ .

შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე გაურკვეველია, მიიღებს თუ არა რესპუბლიკა რუსული ანტიკოვიდურ პრეპარატ "სპუტნიკ V-ის" მორიგ პარტიას. ის 6.5 ათასი დოზა, რაც სოხუმმა მაისში მიიღო მოსკოვისგან, უკვე ამოიწურა. დეპუტატი ალხას ჯინჯოლია ამ სიტუაციაში გამოსავალს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაში ხედავს.
1059fm · ალხას ჯინჯოლია
"არაოფიციალური მონაცემებით, დარწმუნებული ვარ, რასაც ვიტყვი, იმაზეც პრეტენზიებს გამოთქვამს ბევრი თქვენგანი, ჩვენ უარი გვითხრეს ვაქცინებით უზრუნველყოფაზე. მაშინ, რა დაგვრჩენია, ალბათ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიება უნდა დავიწყოთ, შეგვიძლია საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ და სანამ მათ ვუსაყვედურებდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ შარშან მათ სადეზინფექციო მასალის დიდი მოცულობით მოგვამარაგეს, მაშინ ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ და ამ მარაგით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გავძელით. ვთვლი, რომ ეს შესაძლებელია ჩვენთვის და მე პირადად მივმართავ კოლეგებს საერთაშორისო ორგანიზაციებში დახმარებისთვის", - აღნიშნა დეპუტატმა.

სხვა პრობლემებთან ერთად, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ძვირადღირებული მედიკამენტების დეფიციტსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს, საკუთარი ძალებით და სახსრებით უწევთ მათი მოპოვება, თუმცა, როდესაც პრეპარატები რესპუბლიკაში არის, ისინი უფასოდ გაიცემა. ედუარდ ბუთბას თქმით, ამ ეტაპზე, ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა არტემრა და არტლეგია, არ არის მისაწვდომი პაციენტებისთვის.
1059fm · ედუარდ ბუთბა
"ეს პრეპარატები რუსეთის ფედერაციაშიც დეფიციტშია და მათი შოვნა არც ისე მარტივია, დღესდღეობით, რაღაც ნაწილის დაჯავშნა მოვახერხეთ, უკვე თანხაც გადავიხადეთ და ველოდებით მათ მოწოდებას", - ამბობს ბუთბა.

მწვავე დებატების მიუხედავად, პარლამენტმა შემდგომი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით ვერ მიიღო. ჯანდაცვის სამინისტრო კი დაჟინებით მოითხოვს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეზღუდვების მნიშვნელოვან გამკაცრებას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის მასშტაბით Covid-19 სულ 21 061 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 289, გამოჯანმრთელდა 16 763 მოქალაქე.



მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print