ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 2.5 % - აფხაზეთი საერთაშორისო დახმარების მოლოდინში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში 10 აგვისტოდან  იმუნიზაციის პროცესი განახლდა.  ამჯერად, სოხუმმა რუსული კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ ლაითის" 5 ათასი დოზა შეიძინა, რაც მოსკოვის აფხაზური დიასპორის ფინანსური დახმარებით მოხერხდა.

"სპუტნიკ ლაითი" არის რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მეოთხე ვაქცინა, რომელიც Covid 19-ის წინააღმდეგ გამოიყენება. ის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ არის შემუშავებული და "სპუტნიკ V – ის" კომპონენტურ ვერსიას წარმოადგენს, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ამავე ინფორმაციით, "სპუტნიკ V - ს" მსგავსად, ესეც ვექტორული ვაქცინაა, რომელიც ერთი დოზით აცრას ითვალისწინებს და 85%-ით ამცირებს COVID-19-ით დაავადების რისკს.

"მისი ეფექტიანობა 85 % -ს შეადგენს, ეს არ არის ცოტა, ჩვენ ვიცით,  რომ ამჟამად  არსებული ყველა ვაქცინა ვერ აღწევს ასეთ ეფექტიანობა. სპუტნიკ V - ზეც გაჟღერდა თავიდან, რომ მისი ეფექტურობა  92% შეადგენს, ახლა კი  97 % - ზეა საუბარი, რაც ფაქტიურად 100% -ს  უახლოვდება. ასე რომ, "სპუტნიკ ლაითის" 85% , საკმაოდ კარგი შედეგია", - ამტკიცებს სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ალისა მატუა.
1059fm · ალისა მატუა

მისი თქმით, აფხაზი იმუნოლოგები განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებიან ვაქცინაციის პროცესს. არის შემთხვევები, როდესაც, მოქალაქეს უარს ეუბნებიან ვაქცინაციაზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ.
1059fm · თუ პაციენტს უკუჩვენებები აქვს, მას არ ვცრით- მატუა
"...ჩვენ ძალიან ფაქიზად ვუდგებით ჩვენს პაციენტებს და ჩვენს მოქალაქეებს და "სპუტნიკ ლაითის" შემთხვევაშიც, იგივე პრაქტიკას გამოვიყენებთ, რასაც "სპუტნიკ V- ით" აცრისას მივმართავდით.  თუკი პაციენტს მოცემულ პერიოდში აქვს უკუჩვენებები, ჩვენ მას არ ვცრით, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდება", - ამბობს აფხაზი სპეციალისტი.

ალისა მატუა ამბობს, რომ აფხაზეთშიც დაფიქსირდა კორონავირუსით ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების შემთხვევები, რადგან მოქალაქეების  დიდი ნაწილი თვლის, რომ აცრა მათ დაინფიცირებისგან აზღვევს, აქედან გამომდინარე, მათი უმეტესობა აღარ იცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
1059fm · აფხაზეთშიც დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების შემთხვევები - მატუა
"იყვნენ ისეთი პაციენტებიც, რომლებიც გავიდნენ ვაქცინაციაზე უკვე ინფიცირების პერიოდში, ასეთ პაციენტებს გაუჭირდათ, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ გვქონია, ასევე არ გვქონია ვაქცინირებულთა შემთხვევაში, დაავადების ძალიან მძიმე ფორმით მიმდინარეობა".  

ჯერჯერობით აფხაზეთში არ აღურიცხავთ ვაქცინირებულთა შორის დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, რადგან, ბევრს ჯერ სპუტნიკ V – ს მეორე დოზა არ მიუღია. თუმცა, როგორც ალისა მატუა ამბობს, უკვე არის მონაცემები და მათ, ვინც ორჯერადი აცრის შემდეგ დაინფიცირდა,  Covid – 19 საკმაოდ მსუბუქად გადაიტანეს.
1059fm · ალისა მატუა: პაციენტებმა რომლებიც მეორე დოზის შემდეგ დაინფიცირდნენ ადვილად გადაიტანეს ვირუსი
"პაციენტებმა,რომლებიც ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ დაინფიცირდნენ, ძალიან ადვილად გადაიტანეს, რაც შეეხება ერთი კომპონენტით აცრილებს, აქ მნიშვნელოვანია, აცრიდან რომელ დღეს შეეყარათ ვირუსი,  თუ ეს, თუნდაც, მეშვიდე დღეს მოხდა, როდესაც გარკვეული საბაზო იმუნიტეტია ჩამოყალიბებული, გაცილებით იოლად მიმდინარეობს ყველაფერი".

აფხაზი სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება. მათივე თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანია აცრილი, მით უფრო რთული იქნება ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე,  ჯაჭვები გაწყდება და ინციდენტობა შემცირდება.

პოლიტიკოსების ნაწილი კი თვლის, რომ ამ მიზნის მისაღწევად აქტიური კამპანიის ჩატარება და იმუნიზაციის პროცესის გაფართოებაა საჭირო, რასაც მთავრობა ვერ უზრუნველყოფს.  

"კრასნოდარის ოლქში თითქმის 5 მილიონიანი მოსახლეობაა, იქვეა კურორტები, სოჭი , ადლერი და სხვა... მაგრამ, იქაც იმდენივე ადამიანია დაინფიცირებული, რამდენიც აფხაზეთში, შეზღუდვების დაწესების გარდა, ოლქში აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს. მოსახლეობის 30%  უკვე აცრილია, ჩვენთან კი მხოლოდ 2.5 %.  ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ თავის ხალხზე",  - ამბობს ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" თავმჯდომარე თემურ გულია.
1059fm · თემურ გულია
ის, ისევე , როგორც პოლიტიკოსების და მედიკოსების ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების უნდა მიმართოს დახმარებისთვის, რათა აფხაზეთში სხვადასხვა წარმოების ვაქცინების საჭირო რაოდენობა შევიდეს.

რესპუბლიკაში მოსკოვიდან მაისში ჩატანილი რუსული ანტიკოვიდური პრეპარატ "სპუტნიკ V-ის" 6.5 ათასი დოზა (მათგან, 2500 - საჩუქრად), რომლის შესაძენად ბიუჯეტიდან 6 მილიონ 955 ათასი რუბლი გამოიყო, ივლისის თვეში ამოიწურა და მას შემდეგ აფხაზეთში იმუნიზაციის პროცესი შეწყვეტილი იყო.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print