ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სწავლა 1 სექტემბერს განახლდება - აფხაზეთში მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან
აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი 1 სექტემბერს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა მიიღო. ამასთან ერთად, განათლების მინისტრმა, ინალ გაბლიამ განაცხადა, რომ განსხვავებით შარშანდელი წლისგან, მოსწავლეები მხოლოდ ერთ ცვლაში ისწავლიან და კლასებიც არ დაიყოფა.
1059fm · ინალ გაბლია
"წელსაც იგივე შეზღუდვები იმოქმედებს კლასებში, რაც შარშან იყო. ნება დაგვრთეს, კლასები არ დაგვეყო, ისევე დაგვეტოვებინა, იმ პირობით, რომ მშობლები წამოვლენ დათმობაზე და შვილებს ნაკლებად დატვირთულ სკოლებში გადაიყვანენ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იმისთვის, რომ ბავშვებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა დავიცვათ", - განაცხადა გაბლიამ.

აფხაზეთის მთავარი ეპიდემიოლოგის ლუდმილა სკორიკის თქმით, გასულ წელს მიღებულმა ზომებმა, კერძოდ კი, სკოლებში ცვლების შემოღებამ, შედეგი არ გამოიღო.
1059fm · ლუდმილა სკორიკი
"ჩვენ პედაგოგები ხომ არ შეგვიცვლია, უბრალოდ ბავშვები დავყავით, ხოლო მასწავლებლებზე ვირუსული დატვირთვა იგივე რჩებოდა. იმ სურათით, თუ ვიმსჯელებთ, რაც შარშანდელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, იმ დასკვნამდე მივედით, რომ პედაგოგებზე ფიზიკური დატვირთვაც გაიზარდა, შედეგად, მათი იმუნური დაცვა შესუსტდა, არა მარტო Covid 19-ის , არამედ, სხვა დაავადებების მიმართაც", - აღნიშნა სკორიკმა.  

მისი თქმით, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, გაცილებით უფრო ეფექტიანი, ამ პირობებში მასწავლებლების ვაქცინაცია იქნება.  

სკორიკის მონაცემებით, 4 000 აფხაზი მასწავლებლიდან, 1500-მა უკვე გადაიტანა კორონავირუსი, 565 კი აიცრა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო, იმუნური სტატუსის დასადგენად, 15 სექტემბრიდან მასწავლებლებს ანტისხეულებზე უფასო ტესტირებას ჩაუტარებს.
1059fm · ტესტირება მასწავლებლებისთვის
"ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს ასეთი ტესტ-სისტემები, ამიტომ, ყველა პედაგოგს, ვინც სასწავლო პროცესშია ჩართული, უფასო კვლევა ჩაუტარდება", - აცხადებს სპეციალისტი.

სკორიკის თქმით, ზიანის და საფრთხის შესამცირებლად, რაც შეიძლება სკოლებში გაზრდილ მობილობას მოჰყვეს, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პედაგოგს, პროფილაქტიკის მიზნით, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

აფხაზეთში აგვისტოს დასაწყისში შემოტანილი რუსული "სპუტნიკ ლაითის" 5000 ათასი დოზიდან, 1500 უკვე ათვისებულია. განათლების მინისტრის მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, დარჩენილი რაოდენობიდან, სკოლის მასწავლებლებისთვისაც გამოყოს კვოტა.
1059fm · მოვუწოდებთ მასწავლებლებს აიცრან - გაბლია
"ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მასწავლებლებს, რომ აიცრან, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ჯანდაცვა მზადაა პედაგოგებისთვის კვოტა გამოყოს და რაიონულ პოლიკლინიკებში ვაქცინაციის ორი ცენტრი მოაწყოს", - ამბობს ინალ გაბლია.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდება, კლასებში სავალდებულოა პირბადეების ტარება. მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ ანტისეპტიკური საშუალებები, რითაც მშობლებმა უნდა უზრუნველყონ. საკლასო ოთახებში აუცილებელია ულტრაიისფერი ცირკულატორების მოწყობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 24 570 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 366 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20 307 პაციენტი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print