ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კლასებში დაბრუნებული ბავშვები - მედიკოსების მოწოდება და მიმდინარე ეპიდვითარება აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
რთული ეპიდვითარების მიუხედავად, 1 სექტემბერს აფხაზეთის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს კლასები არ დაიყოფა, თუმცა, საკლასო ოთახში მოსწავლეების რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს.
1059fm · ასტანდა ტარკილი
"პირველი, რასაც ვითხოვთ, რომ მშობლები გაგებით მოეკიდონ, პედაგოგებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა, ბავშვები, დილიდან ტემპერატურის გაზომვის, ხელების დამუშავების შემდეგ მიდიან გაკვეთილებზე, სველი წესით ოთახების დალაგება ასევე ძალაში რჩება", - ამბობს სოხუმის ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის უფროსი ასტანდა ტარკილი.

სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმი ალა ბელიაევა მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ არსებულ ვითარებას, რადგან მისი თქმით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, უწყვეტად გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში.
1059fm · ალა ბელიაევა
"გასულ წელს, სამწუხაროდ გვქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობლები დაავადებულ ბავშვებს უშვებდნენ სკოლაში, რითაც რისკის ქვეშ აყენებდნენ მთელ კლასს და მათ შორის, მასწავლებლებს. ავადმყოფმა ბავშვმა სრულ გამოჯანმრთელებამდე სკოლაში არ უნდა იაროს", - ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინისტრო მასწავლებლებს მოუწოდებს აიცრან, თუმცა, აფხაზეთში ვაქცინაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. ამ ეტაპზე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია რუსული ვაქცინა "სპუტნიკ ლაითი", რომლის 5 000 ათასი დოზა, ბიზნესმენმა ბესლან აგრბამ შეიძინა. ამავე ინფორმაციით, ამ დროისათვის, ვაქცინის მხოლოდ ნახევარია ათვისებული. სპეციალისტები თვლიან, რომ სასურველია, ის პირებიც აიცრან, ვინც ახლახან გადაიტანა კორონავირუსი.
1059fm · ალა ბელიაევა
"ჩვენთან საკმაოდ ბევრი დაავადდა პანდემიის დასწყისში. ანუ, ეს იყო 2020 წლის ივლისი, აგვისტო სექტემბერი და ასე შემდეგ... და უკვე ათეულობით რეინფიცირების შემთხვევა  გვაქვს. "სპუტნიკ ლაითი" კარგად მუშაობს, მათ შორის, მისი გაკეთება დასაშვებია იმ პირებისთვისაც, ვინ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან", - ამბობს ალა ბელიაევა.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში დღე-ღამეში ინფიცირების ასამდე და გარდაცვალების ორიდან ხუთამდე შემთხვევა ფიქსირდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებებზე, მათ შორის გუდაუთის და სოხუმის ინფექციური საავადმყოფოებზე დატვირთვა, რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალის გახსნის შემდეგ, საგრძნობლად შემცირდა.
1059fm · აბდულმეჯიდ მაგომედოვი
"სავალე ჰოსპიტალს დღეში, საშუალოდ, 10-მდე პაციენტი მიმართავს. მათ შორის, მძიმე პაციენტებიც, თავდაპირველად, როგორც კი პაციენტების მიღება დავიწყეთ, 20-მდე ადამიანი მოგვმართავდა... არის მძიმე შემთხვევებიც, მათ რეანიმაციის განყოფილებაში ვათავსებთ, თუმცა, მეტწილად, საშუალო სიმძიმის პაციენტები შემოდიან, რომლთაც ინფექციურ ან თერაპიის განყოფილებაში ვაწვენთ, მდგომარეობის შესაბამისად", - თქვა მობილური ჰოსპიტალის უფროსმა აბდულმეჯიდ მაგომედოვმა.

გარდა ამისა, სექტემბრის დასწყისში, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით, ევროკავშირმა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს, ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გადასცა. ტვირთი მიწოდებულია გუდაუთის, გალის, სოხუმის ინფექციური საავადმყოფოების და Covid 19-ის ამბულატორიული ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით. ამჯერად, მასში შედის სამედიცინო დამცავი კომბინეზონები, ერთჯერადი სამედიცინო ხალათები, ბახილები, სამედიცინო ჩაჩები, ციფრული თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები, სადეზინფექციო ხსნარი ხელების და ზედაპირის დასამუშავებლად, ასევე, თხევადი საპონი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25 417 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 384, გამოჯანმრთელდა - 21 399 მოქალაქე.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print