ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
დაბრუნება სკოლებში - ეპიდვითარება მასწავლებლების ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე
აფხაზეთის სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის დაწყებიდან დღემდე, სკოლის მოსწავლეებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, სკოლების კარანტინზე გადაყვანა არ იგეგმება. ამ ეტაპზე, დროებით იხურება მხოლოდ ის კლასები, სადაც ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება.  

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუდაუთის რაიონში 5 კლასია გადაყვანილი კარანტინზე, გალში - 1, ოჩამჩირის რაიონში - 6, სოხუმის რაიონში კი - 10.
1059fm · ასლან ქუთელია
"განათლების სამინისტროს ერთადერთი მოთხოვნაა, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, როგორიცაა დისტანცია და პირბადის ტარება, თუკი ადამიანები კარანტინზე არიან და სკოლაში არ დადიან, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ქალაქში გასვლა შეუძლიათ, ანუ თვითიზოლაციის რეჟიმი მკაცრად უნდა იყოს დაცული",- ამბობს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ასლან ქუთელია.

ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბა მშობლებს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რათა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში განაგრძონ სწავლა.
1059fm · ედუარდ ბუთბა
"... ჩვენი მოქალაქეები, კერძოდ, კი მშობლები, სკოლის შესასვლელთან იყრიან თავს, ეს კი პირიქით, დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომ , კიდევ ერთხელ , პირადად მივმართავ თხოვნით ჩვენს პატივცემულ მშობლებს, ასევე ჩვენს ბავშვებს, რომლებიც მიდიან სკოლაში, შესასვლელთან ნუ შეგროვდებიან, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ეს ჯაჭვი გავწყვიტოთ", - განაცხადა ბუთბამ.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის სკოლების უმრავლესობა აღჭურვილია რეცირკულატორებით - ჰაერის გამწმენდი მოწყობილობებით. ამავე ცნობით, უახლეს მომავალში,  მსგავსი მოწყობილობებით და ინფექციისგან დაცვის სხვა საშუალებებით ყველა სკოლას მოამარაგებენ.  

პედაგოგები, მოსწავლეები და მასწავლებლები, ერთხმად აღიარებენ, რომ მათ აშინებთ დისტანციურ სწავლებაზე ისევ გადასვლის პერსპექტივა, გამომდინარე შარშანდელი სასწავლო წლიდან, რომელიც არაეფექტიანი გამოდგა.

სოხუმის მეორე სკოლის დირექტორი ირინა პოვირსკერი ამბობს, რომ სწავლება უკუკავშირს გულისხმობს, რომლის მიღება რთულია, მოსწავლეებთან ცოცხალი კონტაქტის გარეშე.
1059fm · ირინა პოვირსკერი
"მაგალითისთვის, ბავშვი ასრულებს დავალებას, შემდეგ ფოტოს უღებს და აბრუნებს, ამის შემოწმება საკმაოდ რთულია. ჩვენ არ ვართ ჯერჯერობით ამისთვის მზად. ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ბავშვების მატერიალური მდგომარეობა, სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ იძლევა", - განმარტავს ის.

აფხაზეთის სკოლებში 3700 მასწავლებელი მუშაობს, მათგან მხოლოდ 300-ია აცრილი. პედაგოგების 50%-მა Covid-19 უკვე გადაიტანა. მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს არაერთგზის მოწოდებისა, მათი უმრავლესობა არ ჩქარობს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print