ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პლატფორმა "გუმა" - პანდემიის პირობებში სოხუმში შექმნილი კულტურული სივრცე
სოხუმში ახალი კულტურული სივრცე, პლატფორმა "გუმა" შეიქმნა, რომელიც ქალაქის ცენტრში არსებული უმოქმედო რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე განთავსდა. მისი შექმნის იდეა საინიციატივო ჯგუფს გაუჩნდა, რომელმაც დაიქირავა აღნიშნული სივრცე. "გუმა არტ-სთეიშენ" პროექტის კურატორის, შარიდა ტუჟბას თქმით, ძველი შენობის ჭერქვეშ ფუდკორტისა და საგამოფენო დარბაზის მოწყობამდე, ეს ადგილი ნაგავსაყრელს უფრო ჰგავდა.
1059fm · შარიდა ტუჟბა
"დღეს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეიძლება ფილმი ან გამოფენა ნახო, ჭამო კიდეც, ამ ტიპის სივრცის გახსნის იდეა პანდემიის დროს გაგვიჩნდა, როდესაც კაფე-რესტორნები და საგამოფენო დარბაზები დაიხურა. გუმამ გააერთიანა ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, მხოლოდ ღია ცის ქვეშ, როგორც ამას სანიტარული ნორმები ითხოვს პანდემიის დროს. აქ უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, თუმცა ორგანიზატორებს დიდი გეგმები აქვთ", - ამბობს ტუჟბა.

პლატფორმის შემქმნელები მსურველებს ღონისძიებების მოწყობაში დაეხმარებიან. მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება ფასიანი იქნება. ჯერჯერობით, მოქალაქეებს ამ სივრცეში გემრიელი ყავა, შაურმა, კოქტეილი და საინტერესო ადამიანებისა თუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ლექციები იზიდავენ. სიახლეების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ინსტაგრამის გვერდზე ეცნობიან.
1059fm · სოხუმელი ქალი
"აქვე ტარდება ლექციები სხვადასხვა საინტერესო თემაზე, მე მაგალითად, ინსტაგრამს ვადევნებ თვალს, რომ არცერთი ასეთი ღონისძიება არ გამომრჩეს", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

ალტერნატიული კულტურული სივრცის შემქმნელები ამბობენ, რომ რკინიგზის სადგური "გუმა" არქიტექტურის ძეგლია, თუმცა, ქალაქს არც მისი რესტავრაციისთვის და არც მოწესრიგებისთვის სახსრები არ გააჩნია. ისინი თვლიან, რომ ამ ეტაპზე სადგურის ტერიტორიის დაქირავება აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალებაა.
1059fm · "გუმას" საინიციატივო ჯგუფის წევრი
"ეს მიმზიდველი ადგილია, სუფთა და ლამაზი, აქ ამოდიან ფოტოების გადასაღებად, ჩვენი ამოცანაა, აქაურობა შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ახლა ჩვენთვის უჩვეულოა სტალინის ამპირის არქიტექტურული სტილის ნაგებობა", - ამბობს პლატფორმა "გუმას" საინიციატივო ჯგუფის წევრი.

"გუმა" სულ რამდენიმე თვეა არსებობს, თუმცა იქ შექმნილი ატმოსფეროს გამო შემოქმედებითი ახალგაზრდებისა და ქალაქის სტუმრების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად უკვე იქცა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.












Print