ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ელოდებიან თუ არა სოხუმში ეპიდვითარების გაუარესებას სექტემბრის უქმეების შემდეგ

სოხუმში სექტემბრის უქმეების შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატებას ვარაუდობენ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ თვის ბოლოს მოსალოდნელია კორპორაციული საღამოების და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა,

რა დროსაც ადამიანები ნაკლებად იცავენ პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს.  

"30-ის შემდეგ, ვფიქრობ, მკვეთრად გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი, რადგან ამ დროს იშლება სუფრები, ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება. დაუსრულებელი კორპორაციული საღამოები. მე ვთვლი, რომ საკმაოდ ბევრი ინფიცირებული იქნება", - ამბობს სოხუმის მცხოვრები.
1059fm · სოხუმელი ქალი
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად შენელდა იმუნიზაციის ტემპები, დღეში, საშუალოდ, 40-50 ადამიანი იცრება. სულ, ამ დროისათვის, რუსული "სპუტნიკ ლაითით", რომელიც სოხუმმა აგვისტოში შეიძინა, აცრილია 2826 ადამიანი.  

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იმატა ინფიცირების შემთხვევებმა სკოლის მოსწავლეებში, რის გამოც, კარანტინზეა გადაყვანილი რამდენიმე კლასი და ერთი - სოხუმის #10 სკოლა. თუმცა, მშობლების ნაწილი წინააღმდეგია ასეთი რადიკალური ზომებისა, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, შარშან სასწავლო პროცესი პანდემიის გამო, პრაქტიკულად ჩავარდა.
1059fm · მშობელი
"უბრალოდ, სკოლა დახურეს, თქვეს, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები დაავადდნენ, ჩვენს პირველ კლასში კი არავინაა ინფიცირებული, მესამეშიც ნორმალურადაა".

"მე რა თქმა უნდა ვეთანხმები ამას, მაგრამ, ყველა რატომ უნდა დაზარალდეს, ყველა სკოლა რატომ უნდა დაიხუროს, რა უნდათ, რომ გაუნათლებელი ერი გვყავდეს, ისედაც რამდენი გაცდა... სამი საგანი დაემატათ, მეშვიდე კლასი რო იყო, რა ისწავლეს?" - ამბობენ მშობლები.
1059fm · ყველა რატომ უნდა დაზარალდეს - მშობელი
ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას თქმით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის.
1059fm · ედუარდ ბუთბა
"დღე-ღამეში 7 ბავშვი შემოჰყავთ ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიაში  სამკურნალოდ, ეს კი ბევრად ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რაც ჩვენ პიკის პერიოდში გვქონდა, ივლის-აგვისტოში", - ამბობს ბუთბა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აფხაზეთში მკურნალობის კურსს გადის 200-მდე პაციენტი, რომელიც უზრუნველყოფილია ჟანგბადით და მედიკამენტებით, მათ შორის, ძლიერად მოქმედი და ძვირადღირებულით.
1059fm · ედუარდ ბუთბა
"გასულ კვირას 30 შეფუთვა აქტემრა და 50 შეფუთვა არტლეგია ჩამოვიტანეთ, აუცილებლობის მიხედვით სოხუმის ინფექციურში, გუდაუთის კოვიდ და "აიტარში" განთავსებულ ჰოსპიტლებში მოთავსებულ ჩვენს მოქალაქეებზე გავცემთ პრეპარატებს, ჩვენ არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მოლაპარაკებები ჩვენს მომწოდებელთან რუსეთის ფედერაციაში, ასევე გაკეთებული გვაქვს განაცხადი  მედიკამენტების მორიგ პარტიაზე, უბრალოდ, ველით მათ ჩამოტანას...", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი.  

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 27 775 შემთხვევა აღირიცხა, მათგან აქტიურია - 5095, გარდაიცვალა 417 ადამიანი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print