ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ორსულობა და კორონავირუსი - აფხაზი მედიკოსები პანდემიისას მიღებულ გამოცდილებაზე და გამოწვევებზე
სოხუმელი მედიკოსების განცხადებით, პანდემიის პირობებში, ორსულობის და მშობიარობის მართვა ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საგანგებო რეჟიმში უწევთ, რადგან მომავალი დედებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით საყურადღებოა. მით უფრო, რომ მათ არ შეუძლიათ ვაქცინაციის პროცესში ჩართვა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი რუსული ვაქცინები სპუტნიკ V და სპუტნიკ ლაითი ორსულთა ასაცრელად არ გამოიყენება.

მშობიარობამდე ყველა ორსულს კორონავირუსზე ტესტირება უტარდება, ანტიგენის სწრაფი, შემდეგ კი PCR  ტესტით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მელოგინე პაციენტი გუდაუთის კოვიდ-კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში გადაჰყავთ.
1059fm · ბელა ფილია
"სულ 2-3 ასეთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც აქ შემოყვანილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, უნდა აღინიშნოს, რომ ანალიზების პასუხის მოლოდინში, ჩვენთან შემოყვანამდე, მათ 24 საათის განმავლობაში იზოლირებულ პალატაში ვათავსებთ", - ამბობს გუდაუთის კოვიდცენტრის სამშობიარო განყოფილების მთავარი ექიმის მოადგილე ბელა ფილია.

მისი თქმით, აფხაზი სპეციალისტები ორსულ კოვიდ - პაციენტებში დაავადების მართვისას  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, ასევე რუსი კოლეგების გამოცდილებას ეყრდნობიან.
1059fm · ჯანმოს რეკომენდაციებით და რუსეთის ფედერაციის გამოცდილებით ვსარგებლობთ - ფილია
"... ვხელმძღვანელობთ ჯანმოს რეკომენდაციებით და ასეთი პაციენტების მართვის მეთოდებით. რა თქმა უნდა, აქტიურად ვიზიარებთ რუსეთის ფედერაციის გამოცდილებას", - განმარტავს ფილია.

მისი თქმით, სამშობიაროში ან ქალთა კონსულტაციაში ორსულებს, პირველ რიგში, თერმოსკრინიგნი უტარდებათ,  მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, კორონავირუსის გამორიცხვის მიზნით, კი - სწრაფი ტესტირება.
1059fm · პირველ რიგში კოვიდს გამოვრიცხავთ - ბელა ფილია
"ტემპერატურა ჩვეულებრივ ახლავს სეზონურ დაავადებებს, ასევე, თირკმელთან დაკავშირებულ პრობლემებს , მაგრამ ამ მომენტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ პირველ რიგში ვითხოვთ კოვიდზე ანალიზის ჩაბარებას. ნებისმიერი ტემპერატურის დაფიქსირებისა ორსულებში, სამშობიაროსა თუ ქალთა კონსულტაციაში, პირველ რიგში კოვიდს გამოვრიცხავთ", - ამბობს აფხაზი მედიკოსი.

აფხაზი ექიმები მიიჩნევენ, რომ პაციენტების უმრავლესობა, განსაკუთრებით ორსულები, დაავადებისგან მოსალოდნელ საფრთხეს ვერ აცნობიერებს.
1059fm · ასიდა ჯიკირბა
"ეს ანალიზი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგი პროგნოზი და დაავადების მიმდინარეობა შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, რაც ყველას არ ესმის.  მთავარია, დაავადების დროული გამოვლენა და დროული ჰოსპიტალიზაცია", - ამბობს გინეკოლოგი ასიდა ჯიკირბა. 

ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და უარი თქვან თვითმკურნალობაზე.

ორსულთა დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, ექიმებს პაციენტების მიღება, როგორც კაბინეტში, ასევე ონლაინ უწევთ.
1059fm · ქალთა კონსულტაცია სრული დატვირთვით მუშაობს - ექიმი
"ქალთა კონსულტაცია სრული დატვირთვით მუშაობს და მიღება მიმდინარეობს როგორც ადგილზე, ასევე - ონლაინ. ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა პანდემიის პერიოდში, ყველა ექიმი, მიღების საათები დასრულების შემდეგ, ონლაინ - კონსულტაციებს სახლიდან ატარებს ჩვენი ორსულებისთვის", - ამბობს ექიმი.

პანდემიის პერიოდში, ერთი ლეტალური შემთხვევაც დაფიქსირდა, კორონავირუსის გართულებების შედეგად, 23 წლის ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა, რაც მედიკოსების თქმით, მეტწილად, პაციენტის დაგვიანებული მკურნალობის და ჰოსპიტალიზაციის შედეგია.

სოხუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ორსულების აღრიცხვა, ცალკე არ იწარმოება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხშირად, ფეხმძიმე ქალები სამკურნალოდ ან რუსეთში ან საქართველოში მიჰყავთ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения"-ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.








Print