ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აფხაზი მედიკოსები მოსახლეობას ტვინდემიის შესახებ აფრთხილებენ და ანტიგრიპული აცრისკენ მოუწოდებენ
ნოემბრის დასაწყისში, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელმა პიკს მიაღწია. ბოლო კვირაში ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება შეზღუდვების გამკაცრებას არ გეგმავს. ამ ფონზე აფხაზი მედიკოსები ახალ საფრთხეზე ტვინდემიაზე ალაპარაკდნენ, - მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანი სეზონური გრიპით და Covid 19-ით ერთდროულად ავადდება. გართულებების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მოსახლეობას სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებენ. აფხაზეთში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია რუსული პრეპარატი "გრიპოლი", რომელიც რესპუბლიკაში ოქტომბრის ბოლოს შეიტანეს.
1059fm · კომენტარი იმუნიზაციის პუნქტიდან
"ვაქცინის შემადგენლობაშია H1N1 გრიპის ვირუსის ანტიგენი, B გრიპის ვირუსის ანტიგენი და პოლიოქსიდონი, გართულებები და ჩივილები აქამდე არ გვქონია", - აღნიშნეს იმუნიზაციის პუნქტში.

პედიატრი ადა აბუხბა აღნიშნავს, რომ ბოლოს დროს საგრძნობლად იკლო აცრილი ბავშვებისა და მოზრდილების რიცხვმა, მიზეზად ის აფხაზეთში გააქტიურებულ ანტივაქსერულ პროპაგანდას ასახელებს.
1059fm · ადა აბუხბა
"ბოლო წლებში, ასეთი ანტივაქსერების ასეთი მძლავრი პროპაგანდის ზეგავლენის გამო, ჩვენთან აცრილთა რიცხვი მცირდება, ახლა კი არსებობს საფრთხე იმისა, რომ კოვიდ 19-ს სეზონური გრიპის ვირუსიც დაერთოს, ეს კი მნიშვნელოვნად გაართულებს დაავადების მიმდინარეობას, როგორც ბავშვებში, ასევე - მოზრდილებში", - ამბობს ექიმი.

თუმცა, ამასთან ერთად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გაიზარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველთა რიცხვი, რაც სავარაუდოდ, სოჭში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. კერძოდ, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან, რუსეთის ქალაქების ნაწილში, სავაჭრო ცენტრებში, კვების თუ გასართობ ობიექტებში, მოქალაქეები QR-კოდის წარდგენის გარეშე არ დაიშვებიან. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ QR-კოდის მიღება აცრილი მოქალაქეებისთვის აფხაზეთშიც იქნება შესაძლებელი, რაც მათ სოჭის სხვადასხვა საზოგადოებრივ ობიექტში შეუფერხებლად შესვლის შესაძლებლობას მისცემს. ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე უკვე ხელმისაწვდომია QR-კოდის ფუნქცია, რაშიც უწყებას აფხაზეთში მოქმედი  ფიჭური კავშირგაბმულობის ერთ- ერთი კომპანია დაეხმარა.
1059fm · ბორის ბარციცი
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს მოქალაქეებზე და გავამარტივოთ მათი კომუნიკაცია სახელმწიფოსთან, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისეთი პროცესების ავტომატიზაცია შევთავაზოთ, როგორიცაა სერტიფიკატების გაცემა", - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა ბორის ბარციცმა.

ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას განცხადებით, აღნიშნული ფუნქციის გამოყენებას ისინი სამომავლოდაც გეგმავენ. მისი თქმით, შეიქმნება მოქალაქეების იმუნოლოგიური პროფილი, რომელიც აიტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-პორტალზე.
1059fm · ედუარდ ბუთბა
"მომავალში, როდესაც მონაცემთა ბაზას ავტვირთავთ ჯანდაცვის სამინისტრის პორტალზე, ის გაფართოვდება და დამატებითი ინფორმაციით შეივსება. ეს ეხება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების ვაქცინაციას, ანუ მომავალში ჩვენ გვინდა იმ დონეს მივაღწიოთ, რომ როდესაც მოქალაქე ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს, საერთო ელექტრონული ბაზა არსებობდეს", - განმარტავს ის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 33 013 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 482, გამოჯანმრთელდა 27 699 ადამიანი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения"-ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print