ახალი ამბები
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება - რესურსცენტრი
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება, - ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, დარჩენილია ე.წ. წერტილოვანი სამუშაოები. როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი პირველ სკოლაში, ამ ეტაპზე, ზუსტი პასუხი ბულიას არ აქვს. ამასთან, სასწავლო პროცესი ხვალ არ დაიწყება სოფელ ჯუმის სკოლაშიც. აქ მოსწავლეები სწავლას 26 სექტემბრიდან განაახლებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ასევე მეთორმეტე სკოლის საკითხი.

"ჯუმის საჯარო სკოლაში, პირველ სართულზე მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია და 26-ში განახლდება სასწავლო პროცესი. მეთორმეტე სკოლაში წყლის დაერთება ხდება და თუ დასრულდება, ხვალ გაიხსნება. პირველი და მეთორმეტე სკოლების საკითხი უნდა შევაჯეროთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. პირველ სკოლაში მიმდინარეობს წერტილოვანი სამუშაოები, დალაგება-დასუფთავება და რამდენიმე დღით გადავდებთ სწავლის დაწყება. დისტანციური სწავლება არ იქნება და ყველა შემთხვევაში გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება", - აღნიშნა ბულია.

სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51 საჯარო და 6 კერძო სკოლა ფუნქციონირებს და აღნიშნული სამი სკოლის გარდა, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დასწრებით რეჟიმში ხვალ, 15 სექტემბერს დაიწყება. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე დარიგებულია სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და არცერთ სკოლაში დისტანციური სწავლება არ იქნება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის პირველი და მეთორმეტე საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის ივლისში გამოაცხადა და მისთვის 7 332 141 ლარი გამოყო. ხელშეკრულება კი გამარჯვებულ კომპანიასთან 9 დეკემბერს დაიდო. დოკუმენტის თანახმად, სამუშაოები 10 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილება შევიდა.

საბოლოოდ, ბოლო ორი წელია, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს შენობაში არ დასწრებიან.

რეაბილიტაციის ფარგლებში კი გათვალისწინებული იყო მთავარი შენობის რეაბილიტაციას, ახალი საპირფარეშოს ბლოკის მოწყობას, ახალი საქვაბე შენობის აგება, გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ასევე წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი. ამასთან, შენობის შესასვლელებზე ახალი წინაფრები და თანამედროვე სტანდარტების პანდუსების მოწყობას. ასევე, შშმ პირებისთვის შენობის ორივე სართულზე დამატებითი სველი წერტილების მშენებლობა.


ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია



ამავე თემაზე:

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სწავლა სექტემბრიდან განახლდება - მგფ




Print