Error
პოლიტიკა
პრეზიდენტი პოლიციელებს მოუწოდებს, კანონიერება და წესრიგი დაამყარონ
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალური ფაქტები გახშირდა. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რამდენიმე ბანკისა და მაღაზიების ძარცვის არც ერთი ფაქტი ამ დრომდე არ გახსნილა. აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობას” და კოლიცია “ქართული ოცნების” წევრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების მოშლა არ დაუშვან. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძესა და მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან თათბირი გამართა და მათ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის დავალება მისცა. "ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის გარდამავალი პერიოდი და ჩვენი, მოქმედი ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეული პოლიციელის, პროკურატურის ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვან არც ერთ გარემოებაში ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების მოშლა. ჩვენ აღარ ვართ 90-იან წლებში და თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახლა დადგა მათი დრო, ვფიქრობ, ისინი ცდებიან. ამიტომ დაელაპარაკეთ ყველა პოლიციელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომ იმუშაონ როგორც ყოველთვის და დაამყარონ კანონიერება და წესრიგი", - მიმართა სააკაშვილმა ზღულაძესა და ზოდელავას. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის კვლევით საქართველო ბოლო წლებში ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და ეს მონაპოვარი დაცული უნდა იყოს. "ძარცვები, დაყაჩაღებები, მანქანის გატაცებები, სხვა ტიპის ძალადობრივი გამოვლინებები უნდა აღიკვეთოს, როგორც ეს იყო აღკვეთილი ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ყველანი დემოკრატიას პატივს ვცემთ, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ, მთავრობა ახალ მთავრობას გადააბარებს პასუხისმგებლობას, როგორც წესი და რიგია და როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ესაა დიდი მონაპოვარი ჩვენი დემოკრატიის, მაგრამ ამავე დროს ეს არ უნდა აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე, ესაა წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი", - აღნიშნა პრეზიდენტმა. ეკა ზღულაძემ თათბირზე აღნიშნა, რომ პოლიცია, რომელიც ჩამოყალიბდა, ქვეყნის მონაპოვარია და არა კონკრეტული მინისტრის, რომელმაც ეს სახლში უნდა წაიღოს, - "მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბოლო დღეებში ჩადენილი კრიმინალური ფაქტები გაიხსნას და ამით მოსალოდნელი დანაშაულების თავიდან აცილება მოხდეს. ჩვენ გვაქვს ის განცდა, რომ პოლიცია, რომელიც ჩამოყალიბდა, ქვეყნის მონაპოვარია და არა კონკრეტული მინისტრის, რომელმაც ეს სახლში უნდა წაიღოს. ამიტომ პოლიციელები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას ეს დანაშაულები და ამით დავიჭიროთ სიტუაცია და არ მივცეთ გაფართოების შესაძლებლობა", - განაცხადა ზღულაძემ. ამ განცხადებების პარალელურად ტელეკომპანია მაესტრო სანდო წყაროზედაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყაჩაღობის ფაქტების გახშირება ხელისუფლების პროვოცირებულია. "ძირითადად, დავალება, გაფრთხილება არის ასეთი, რომ შეიძლება დაგვავალონ დანაშაულის ჩადენა, ვიღაცის გალახვა, მოპარვა, წართმევა. გვპირდებიან, რომ ამის გამო არ დაგვიჭერენ. რასაც მოიპარავ, სახლში კი არ გატანენ, არამედ გითვლიან, რომ დავალება შეასრულე", - განაცხადა "მაესტროს" ეთერში სანდო წყარომ. მისივე ინფორმაციით ან ყველაფერს საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი გია უდესიანი ხელმძღვენელობს. კოლიცია ქართული ოცნების გორის მაჟორიტარობსი კანდიდატის სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით გავრცელებული კრიმინალური ფაკტები სწირედ პოლიციელების ერთი ჯგუფის ინსცენირებულია.
Print