ახალი ამბები
აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტების ნაწილს ურეცეპტოდ გასცემენ
ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ამავე ცნობით, კაპტოპრილის, დექსამეტაზონის, ეპინეფრინის, ფუროსემიდის, გლუკოზას, ინსულინის, სალბუტამოლის, ნიფედიპინის, ამიოკორდინის, ატროპინის, დიფენჰიდრამინის, გლიბენქლამიდის, მეტფორმინის, მეტოპროლოლის, პრედნიზოლონის, ნიტროგლიცერინის, ნალოქსონის და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი.

„აღნიშნული გამონაკლისი, მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც 1-ლი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება. რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია ამ ლინკზეა მოცემული: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/14.04.21.pdf


Print