ახალი ამბები
ფოთში მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ გზა გადაკეტეს
ფოთში, მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა პროტესტის ნიშნად ქარხანასთან მისასვლელი გზა გადაკეტა. ადგილობრივების თქმით, გუშინ მეტალურგიულში აფეთქების შედეგად მათი საცხოვრებელი კორპუსის კედლები დაზიანდა, ამასთან, ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. როგორც ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, აქ მცხოვრები ბავშვების ორგანიზმში რკინისა და ტყვიის მაღალი შემცველობა დადასტურებულია.

ადგილობრივები წლებია პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ისინი ხელისუფლებასთან და ქარხნის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ. რაც შეეხება ქარხნის ადმინისტრაციას, მათი განცხადებით, საკითხს კომპლექსური შესწავლა და გადაწყვეტა სჭირდება. 

გუშინდელ ინცინდენტან დაკავშირებით კი მეტალურგიულ ქარხანაში გარემოს ზედამხედველობის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა.

ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივები აქციებს აანონსებენ.
Print