ახალი ამბები
საქართველო პირველ სამ ქვეყანას შორისაა, რომელიც აშშ-სგან კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს
საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

„ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, იმიტომ, რომ არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული.

რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.

ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



Print