ახალი ამბები
გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად - NDI
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% თვლის, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები.

კითხვას, როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად აფასებს 37%.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.

Print