გემრიელი ისტორიები
კოლხური ტაბლა - გებჟალია
დღეიდან, კვირაში ერთხელ, რადიო "ათინათის" ვებგვერდზე მეგრული, აფხაზური და სვანური სამზარეულოს უძველეს რეცეპტებს გამოვაქვეყნებთ. მოამზადეთ კერძები წიგნიდან "კოლხური ტაბლა" ჩვენთან ერთად. გავაცოცხლოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციული სამზარეულო.

მაშ ასე, ვიწყებთ გებჟალიათი:


ინგრედიენტები:


800 გ ჭყინტი ყველი

150 გ პიტნა

700 გ მაწონი

700 მლ წყალი (ან 1 ლიტრი რძე)

35 გ ქინძი

5 გ დაღერღილი წიწაკა

15 გ ნიორი (5-7 კბილი)

მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:


წყალი ჩაასხით ქვაბში და გააცხელეთ 85 გრადუსამდე.

ჩაყარეთ თხლად და მრგვალად დაჭრილი ჭყინტი ყველის ნაჭრები (შესაძლებელია ყველის მოხარშვა რძეშიც) როდესაც ყველი დარბილდება, ხის კოვზით მოურიეთ. ერთგვაროვანი წელვადი ცომისებრი მასის მიღების შემდეგ სწრაფად გადმოიტანეთ ლანგარზე, მოზილეთ და გააბრტყელეთ 2-3 მმ სისქის ფირფიტად.

გაასუფთავეთ პიტნის ფოთლები, დაკეპეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ყველის გაბრტყელებულ ფირფიტას გადაუსვით მიღებული მასა (ნაწილი მოიტოვეთ სოუსისთვის) და გადაახვიეთ რულეტივით. ასე დატოვეთ გაციებამდე. შემდეგ უნდა მომზადდეს სოუსი. მაწონს შეურიეთ პიტნის, წიწაკის და ქინძის გადარეული მასა და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი. რულეტი დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოათავსეთ მაწვნის სოუსში. მირთმევამდე გავაჩერებთ რამდენიმე საათი.

"გემრიელი ისტორიები" სამეგრელოს დანიშნულების მართვის ორგანიზაციისა და რადიო "ათინათის" თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნდება.


Print