მოქალაქე ჟურნალისტები
ჩხოროწყუელი ოსტატის საკრავები და საუკუნოვანი ჩონგური აფხაზეთიდან (ვიდეო)
ჩხოროწყუს სოფელ ახუთში მცხოვრები დემურ ანთია ხალხურ საკრავებს ბავშობიდან ამზადებს. ის თვითნასწავლი ოსტატია.

,,ხატვა სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა მასწავლა. 13 წლისამ გავბედე და გავაკეთე პირველად ფანდური და იმის შემდეგ ხელიდან არ გამიგდია არც საჭრეთელი და არც ფანდური. ერთი ნაკლი მაქვს, თითქმის ყველა ქართლი ხალხური საკრავი გამიკეთებია, თუმცა არცერთ საკრავზე დაკვრა არ ვიცი ’’ - გვიყვება ოსტატი.

ფანდურს, ჩონგურს, ლარჭემს, ჩუნირს, კოლხურ ჩანგს, სალამურს, ჭივონს ძირითადად თუთისგან ამზადებს. საკრავებიდან მისთის ყველაზე ძვირფასი - ლარჭემია, რომლის შექმნასაც სამ დღეს ანდომებს.

დემური ანთიას თქმით მის მიერ დამზადებული ჩონგური და ფანდური ოქროს ფონდშია შეტანილი.

მის კოლექციაში 150 წლის ხალხური აფხაზური საკრავი ინახება, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდება. ამბობს რომ საკრავი სიდედრმა აჩუქა.

,,ჩემმა სიდედრმა სიკვდილის წინ მომიხმო და ეს ჩონგური მაჩუქა, მე მას სიტყვა მივეცი რომ ამ ჩონგურს აფხაზეთში ჩავიტან და აფხაზ ოსტატებს ვანახებ. ეს კოლხური ჩონგური იქ აფხაზეთში უნდა დავტოვო, არ ვიცი ამას როდის გავაკეთებ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულო. ამ ჩონგურს დიდი ისტორია აქვს, 1928 წელს ოლიპიადა ჩატარდა თბილისში და ამ ჩონგურით იყო მოწვეული ჩემი მეუღლის ბაბუა ცნობილი ლოტბარი აფხაზეთიდან და პირველი ადგილი აიღო’’, -  გვიყვება ოსტატი.

ბოლო ხანებში სკულპტურაზე მუშაობაც მოსინჯა. მისი პირველი ნამუშევარი მერაბ კოსტავას ბიუსტია, რომელიც ახლა ახუთის ცენტრში დგას. 

,,იდეა გაუჩნდა ბესიკ ესებუას, მერაბ კოსტავას დედის ოლღა დემურიას დედულეთი გახლავთ სოფელ ახუთი. დიდხანს ვყოყმანობდი, ერთი წელი არც ჰო ვუთხარი და არც არა, ეროვნული გმირის სახის შექმნა არ არის მარტივი, ცოტა ხანში დავთანხმდი და ვფიქრობ გამომივიდა“, - ამბობს დემურ ანთია.

ძალიან ამაყობს 2018 წელს მინიჭებული საპატიო ჩხოროწყუელის წოდებით. სურს, რომ საქმით, რომელსაც ემსახურება, ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ.

ავტორები:
ალექს შამათავა
საბა შანავა


Print