მოქალაქე ჟურნალისტები
მესტიაში პარკინგის მოწესრიგებას ითხოვენ (ვიდეო)
პარკირების სისტემა მესტიაში დღემდე მოუგვარებელია. დაბას არ გააჩნია ავტოსადგომები კერძო მანქანებისთვის, ამიტომაც მძღოლები  ტროტუარებს მანქანის გასაჩერებლად იყენებენ.
,,მოუწესრიგებელი პარკინგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მესტიაში. ცენტრში ძალიან გვიჭირს მანქანის გაჩერება, იძულებულები ვართ, ავტომობილი დავაყენოთ ტროტუარებზე, რის გამოც პატრული ხშირად გვაჯარიმებს, დიდი თხოვნა იქნება, ერთი პარკირების ადგილი იყოს გამოყოფილი, დარეგულირდეს როგორმე ეს პრობლემა, ტურისტულ სეზონზე რთული და აუტანელია ტრანსპორტით მოძრაობა’’ - ამბობს მესტიის მკვიდრი რამაზ ფილფანი.

ადგილობრივების თქმით, ზაფხულში ტურისტულ სეზონზე საფეხმავლო ბილიკებზე გავლა შეუძლებელია.

,,აუცილებელია იყოს სპეციალური გადასასვლელები- ე.წ. ზებრა, სადაც ხალხს ეცოდინება, სად შეიძლება ქუჩის გადაკვეთა და სად არა. უნდა იყოს გამოყოფილი პარკირების ადგილები, რომ ნაკლები საშიშროების წინაშე იყოს მოსახლეობა, საფეხმავლო ბილიკები უნდა იყოს თავისუფალი’’ - აცხადებს, ერთ-ერთი ადგილობრივი ნაზი ბულბანი.

მესტიის მერიაში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და აცხადებენ, რომ მის მოსაგვარებლად მუშაობას შეძლებენ განაშენიანების რეგულირების გენგეგმის დამტკიცების შემდეგ.


ავტორები:
ნინი კახბერიძე
ლიკა გაბლიანი
Print