ახალი ამბები
ნათია თურნავა: ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის ძებნაზე მუშაობა განვაახლეთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურად, სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ნათია თურნავამ ბრიუსელში ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მთავრობა პროექტზე, კონკრეტულად კი, ინვესტორის ძებნასა და ტენდერის მომზადებაზე მუშაობა განაახლა.

„ასოცირების საბჭოზე მოგვეცემა საშუალება, რომ ვისაუბროთ ანაკლიის პროექტზე. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჩვენ განვაახლეთ მუშაობა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის ძებნაზე და ტენდერის მომზადებაზე. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გავაცნობთ ამ ინფორმაციას. ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება არის შავი ზღვის გავლით უფრო მეტი კავშირ-ურთიერთობები, უფრო მეტი სატრანპოსტრო სერვისები, მათ შორის, საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ყველაფერს გავაკეთებთ და დასავლელი ინვესტორები შემოვლენ ამ პროექტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად და პოლიტიკურად ჩვენთვის“, - თქვა თურნავამ.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებდა.


Print