საზოგადოება
ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ერთობლივ ვიდეოგზავნილს ქართულ ენაზე ავრცელებენ
ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და პარტნიორები ერთობლივ ვიდეოგზავნილს ქართულ ენაზე ავრცელებენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვიდეოგზავნილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


"გამარჯობა, საქართველო! დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ევროპის დღე თანამშრომლობას ნიშნავს. ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა სტაბილური, წარმატებული ერთობა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, გარემოს დაცვა თუ ციფრული ტექნოლოგიები.

დღეს, საქართველოში, ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასაც ვზეიმობთ. საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები ვართ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ საქართველოს გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა და ცოდნა, დავეხმარეთ ვაქცინების მიღებაში და ვეხმარებით ვაქცინაციის პროცესში, გავუწიეთ ფინანსური დახმარება სოციალური მხარდაჭერის და ეკონომიკის აღდგენისათვის. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში. თანამშრომლობას მოაქვს სიძლიერე.

ჩვენ, "ევროპის გუნდის" წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია. საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. საქართველო უფრო ძლიერია ევროკავშირთან ერთად! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!",- აცხადებენ ევროპის გუნდის წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

ამ დღეს იხსენებენ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.

ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.

Print