მულტიმედია
ხეში გაცოცხლებული ქართული ორნამენტი - ქობულეთიდან სოხუმამდე (ვიდეო)
ბადრი მიქაძე ხეზე კვეთის ოსტატია, ის ქობულეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ხეზე მუშაობა მან 30 წლის წინ დაიწყო, თბილისის სამხატვრო აკადემიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, შეექმნა რაღაც ახალი, უფრო საინტერესო და მოთხოვნადი. ხის დამუშავება დამოუკიდებლად ისწავლა და სახელოსნოს მოწყობაზეც თავად იზრუნა.



ხეზე კვეთის საკუთარ მეთოდებს მიაგნო და როგორც თვითონ ამბობს, მივიწყებას მიცემული ქართული სუვენირები თანამედროვე ორნამენტებით გააცოცხლა - ,,დღეს საქართველოში ხის მხატვრულად დამუშავება ნაკლებადაა პოპულარული და ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, ჩემს ბიჭს ვასწავლე ,როგორ უნდა იმუშაოს ხესთან და შაბათ - კვირას ის მეხმარება’’ , - გვიყვება ის.



სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მეწარმემ 5 ათასი ლარის ოდენობის გრანტით თანამედროვე სახერხი მოწყობილობა და ლაზერული კუთხის საჭრელი ფრეზის დანადგარი შეიძინა.

,,ნამუშევრები იყიდება ბათუმში, ბულვარსა და სალონებში, პიაცაზე. იყიდება ასევე, თბილისში, ქუთაისში. ხშირად ფოთიდან მიაქვთ სოხუმში და ყიდიან იქ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ნამუშევრები გავიტანოთ ზუგდიდშიც ’’, - ამბობს ბადრი მიქაძე

დიდი სურვილი აქვს მოაწყოს სივრცე, სადაც საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებს და ხეზე მუშაობას ასწავლის.

Print