მულტიმედია
მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ფოტო-ვიდეო)
ოტობაია-ორსანტიას ხიდთან 50-მდე ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას ელოდება. ჭირისუფალი საგანგებოდ მოასვენებს მიცვალებულს ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ.

ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა და შესანდობარი თქვა.

ელისო ფარულავა, რომელიც ხობიდან ჩამოვიდა, გარდაცვლილის ბიძაშვილია.

„ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში, რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც, ხომ უნდა შეგვეძლოს რომ გადავიდეთ“.

ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის.

გოჩა ტუფურიას ახლობელი, ფერიდე ქვარაია ყვება, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ სახით, ხიდთან დასტირის.

„ძალიან დიდი პრობლემაა, იქ ვერ ვტირით ვერავის. გვეკუთვნის რომ ახლა იქ ვიყოთ, ნათესავია ჩემი, იმის გარდა დეიდაშვილიც მომიკვდა, ვერ დავიტირე. იქ ვარ გაზრდილი, ნაპირს მიღმა სკოლა მაქვს დამთავრებული. მოვიყარეთ აქ თავი ახლობელმა ნათესავებმა, რომ შორიდან მაინც გავუწიოთ თანაგრძნობა ჭირისუფალს. ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევა. აქ მოტანილი ვენოკები მერე ხალხმა წყალში გადაყარა“.

გოჩა ტუფურიას ნათესავების ნაწილმა ოტობაიაში გადასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხა.

„გარდაცვლილის და გადავიდა, 200 ლარი გადაიხადა, ახლა ამბობენ, რომ აქეთაც ითხოვენ 200 ლარსო. ჩვენ ამ თანხას ვერ გადავიხდიდით. ფულით თუ შეიძლება გადასვლა, ისე გაეშვათ ასეთ დროს ადამიანები არ ვართ?!“,- ამბობს ელისო ფარულავა.


აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადსვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადაიხდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

ავტორები:

თინათინ ბუკია
თათული როგავა





Print