მულტიმედია
ტელეგრამა პარიზიდან: სამშობლო, აკაკი გარდაიცვალა - ვინ იყო აბაშელი მილიონერი (ფოტო, ვიდეო)
პირველი ქართველი მილიონერი და ნავთობ მრეწველი აკაკი ხოშტარია სამეგრელოში, აბაშის სოფელ სუჯუნაში დაიბადა. აქ გაიზარდა და საშუალო განათლებაც აქ მიიღო. შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა და მებაღე-დეკორატორის პროფესიას დაეუფლა. სწორედ მისი გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ბულვარების ნაწილი და ბოტანიკური ბაღები, მათ შორის ბათუმში, იალტაში, მახინჯაურში, ახალ ათონში. მისი ბიოგრაფიის ეს ნაწილი რამდენიმე წელიწადში შეიცვალა. შემთხვევითობის შედეგად, აკაკი ხოშტარია ნავთობის ბიზნესში ჩაება. 

„აკაკიმ ერთ-ერთ მეგობართან, ფოთელ ზოდელავასთან ერთად ბაქოში დიდი ოდენობით ნედლი ნავთობი შეიძინა, რომელიც ფოთიდან გაიტანეს რუსეთისკენ. მგზავრობისას ზღვაზე ძლიერი ქარიშხალი ამოვარდნილა და გემი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. ისინი თურქეთში მოხვდნენ, სადაც ნავთობი გაყიდეს ბევრად უფრო ძვირად, ვიდრე გათვლილი ჰქონდათ. სწორედ ამის შემდეგ იყიდა აკაკიმ ბაქოში ნავთობის ჭები, თვითონ ყიდდა ნავთობს და ასე გახდა პირველი ქართველი ნამდვილი მილიონერი“, - ყვება დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა.


დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა


აკაკი ხოშტარია არაერთხელ დახმარებია დამოუკიდებელი საქართველოს და შემდეგში საბჭოთა მთავრობებსაც. სწორედ აბაშელმა მრეწველმა შემოიყვანა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საზღვაო ფლოტი - 4 გემი 1920 წელს. მანვე დააფინანსა ემიგრაციაში საქართველოს საგანძურის შენახვის ხარჯები პირველი სამი წლის განმავლობაში.

თავისუფლება დაკარგულ სამშობლოში კი დაპატიმრებას საბჭოთა მმართველები მხოლოდ იმიტომ უპირებდნენ, რომ მთელი საქართველოს პურით მომარაგების სანაცვლოდ მისი კუთვნილი ფული არ მიეცათ. მეგობრის წყალობით ბაქოში მყოფმა შეიტყო, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთა სურდათ და წავიდა.

საკუთარი ნებით დაუთმო მის მიერ საკმაოდ ძვირად ნაყიდი დავით სარაჯიშვილის სასახლე მთელი თავისი ატრიბუტიკით მწერლებს და იქ მწერალთა სახლი განთავსდა. მწერლების მსგავსად, ყურადღებას აქცევდა მხატვრობასაც. აკაკი ხოშტარიამ გამოაგზავნა საქართველოში და მუზეუმს გადმოსცა ცნობილი მხატვრების, მათ შორის, ლადო გუდიაშვილის ნახატები.


მწერალთა სახლი
„ლადო გუდიაშვილი იხსენებდა, რომ პარიზში წააწყდა კაცს, რომელიც ყიდულობდა ცნობილი მხატვრების ნახატებს საქართველოში გამოსაგზავნად. გუდიაშვილი ყვებოდა, რომ მას პიკასოს სურათებზე მიუთითებია... ცდილობდა იქიდან საქართველოსთვის რამე გაეკეთებინა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ზღუდავდა“, - ამბობს დეკანოზი.

დეკანოზი კონსტანტინე გვიყვება, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე, მელიქ აზარიანცის სახლად ცნობილი შენობა აკაკის ფულითაა გაშენებული.

„ამ სახლისთვის და ქვევით სავაჭრო ცენტრის განსათავსებლად უზარმაზარი თანხა იყო საჭირო. აზარიანცს ასესხა მხოლოდ ხოშტარიამ, რის მერეც გაშენდა ეს სასახლე, თუმცა მალევე საბჭოთა მმართველობა დამყარდა და ეს ფული აზარიანცს აკაკისთვის არ დაუბრუნებია. მას სასახლე ჩამოართვეს და ერთი ოთახი მისცეს“, - ყვება მამა კონსტანტინე.


სპარსეთი. აკაკი ხოშტარია თანამშრომლებთან ერთად

აკაკი ხოშტარიას სახელს არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი უკავშირდება. ის ირანის შაჰის კარზე საკმაოდ მიღებული პირი იყო. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ აკაკი ხოშტარიამ პირველმა შეიყვანა რკინიგზა ირანში, ისევე, როგორც ავტომობილი „ფორდი“. საინტერესოა, რომ რკინიგზის მშენებლობისას მან მუშებად საკუთარი თანასოფლელები წაიყვანა და დაასაქმა.

ირანის გარდა მან ფოთსა და აბაშას შორისაც გაიყვანა რკინიგზა. სხვადასხვა ადგილას ჰქონდა მონოპოლია საპნის, ბრინჯის ბიზნესებზე. ფლობდა ბანკებს, სახელოსნოებსა და ფაბრიკა-ქარხნებს. ნაწილის ადგილას საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარი ფაბრიკა-ქარხნები განათავსა.

მილიონერს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენები არაერთ ქვეყანაში, იცნობდა და ურთიერთობდა ცნობილ მრეწველებთან, მაგნატებთან და სხვა ცნობილ პიროვნებებთან, სუჯუნელებთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. სოფელში იხსენებდნენ, რომ ხშირად ჩამოდიოდა.

„ნათლულების ოჯახშიც დადიოდა თურმე. ხშირად ატარებდა მათთან დროს, უბრალო იყო ურთიერთობაში და ყველას ეხმარებოდა. სხვათა შორის, არა მხოლოდ აქაურებს, მთელი საქართველოდან ნიჭიერ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას უფინანსებდა იმ პირობით, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდებოდნენ და იქ მიღებული ცოდნით სამშობლოს “, - გვიყვება დეკანოზი.

აკაკი ხოშტარია მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად

სამშობლოში თავად ვერ დაბრუნდა. აქ მხოლოდ ტელეგრამა ჩამოვიდა პარიზიდან, რომელიც იტყობინებოდა, რომ აკაკი გარდაიცვალა. ქართველი მილიონერი, სავარაუდოდ, 1932 წელს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ღომის ქერქმა სასულე გაუკაწრა და დიაბეტის გამო სისხლდენა ვერ შეაჩერეს. ქართველ მილიონერს ერთადერთი ნაშვილები ქალიშვილი, თამარი, იგივე მუსინკა დარჩა. დაკრძალულია პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

„საქართველო, აბაშა, სოფელი სუჯუნა. სამშობლო, აკაკი გარდაიცვალა“, - წაუკითხავთ სუჯუნელებს ტელეგრამა და აკაკი დაუტირიათ. რა თქმა უნდა აქ დღეს მისი თანამედროვე აღარავინაა, აღარც აკაკის ნათესავები ცხოვრობენ სუჯუნაში, თუმცა აქ ბავშვმაც იცის ვინ იყო აკაკი და ამაყობენ, რომ მათი თანასოფლელი აკაკი ხოშტარია მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მოღვაწე იყო.

ამავე თემაზე:

104 წლის წინ აკაკი ხოშტარიას დედისთვის აშენებული სასახლე სუჯუნაში (ფოტო, ვიდეო)


Print