მულტიმედია
ზუგდიდელი „ჩერნობილელების“ მოგონებები (ვიდეო)
ვანო თოდუამ 1986 წლის მაისში ზუგდიდიდან ჩერნობილამდე გზა ისე გაიარა, რომ მისიის შესახებ არაფერი იცოდა. უთხრეს, რომ სხვა 35-მდე ზუგდიდელთან ერთად რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში სამუშაოებზე მიჰყავდათ. ჩამსხვრეული მინები, აჭედილი კარები, გახიზნული მოსახლეობა, უპატრონო ძაღლები და სიცარიელე - ეს იყო პირველი სურათი, რომელიც იქ დახვდა. ატომური ენერგეტიკის ისტორიაში უდიდესი ავარიის ადგილას მომხდარიდან 15 დღეში ჩავიდა და დაბინძურებულ ზონაში, დაახლოებით, 2 თვე მუშაობდა. დეტალებზე საუბარი არ უნდა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ იქ ნანახს ვერასოდეს დაივიწყებს. კარგად დაამახსოვრდა რადიაციის შედეგად არანორმალურად გაზრდილი ხილი, ბალი, ატამი, საზამთრო...

ვანო თოდუა

მესამე ბლოკში ვმუშაობდით. ასე ვთქვათ, ვარემონტებდით, ვღებავდით იმას, რაც აღდგენას ექვემდებარებოდა, თუმცა, მაშინ არ ვიცოდით, რომ, ფაქტობრივად სულ ტყუილად გვამუშავებნენ. გვეგონა, რომ სხვაგან მივდიოდით, ხელფასს დაგვპირდნენ და ამიტომ წავედი. რომ მცოდნობა, ჩერნობილში მივდიოდი და ჯანმრთელობის განადგურება მელოდა წინ, იმ მატარებლიდან ჩამოვხტებოდი და უკან გამოვიქცეოდი...“, - გვიყვება ვანო თოდუა.


ჩერნობილში სრულიად ჯანმრთელი წავიდა, თუმცა რადიაციის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის ფონზე, იქ ჩასვლიდან ორ კვირაში, გულის შეტევის გამო კიევის საავადმყოფოში მოხვდა. ეს იყო დასხივების პირველი შედეგი.

საავადმყოფოდან ისევ იქ დამაბრუნეს, თუმცა უკვე გარეთ ვმუშაობდი. დღემდე თავბრუსხვევები მაწუხებს. იქვე მივხვდი, რომ მხედველობა შემისუსტდა, ყურშიც არ მესმის კარგად. სახლში მეუბნებიან, ხმამაღლა ლაპარაკობო, ხმამაღლა იმიტომ ვსაუბრობ, რომ არ მესმის. ძალიან ემოციურიც ვარ დღემდე და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს“,- ამბობს ის.

ბოლოს შეგრძნებები HBO-ს სერიალ „ჩერნობილმა“ განუახლა. ბოლომდე ვერ უყურა, სულ რამდენიმე სერიის ნახვა შეძლო, თუმცა ამბობს, რომ იქ ნანახი და ფილმის სიუჟეტი ერთმანეთს ერთი ერთში ემთხვევა.

„მეგონა, რომ მეორედ მოვხვდი იქ, იმავე ადგილას... ვერ გავუძელი, ვერ შევძელი ბოლომდე მენახა“, - ამბობს ვანო თოდუა და დასძენს, რომ მას ეს ყველაფერი სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება.

ზურაბ ქირია

როდესაც 20 წლის ჯარისკაცი ზურაბ ქირია სატვირთო მანქანით სამხედრო ბრძანებას ასრულებდა, რეაქტორში აფეთქების მთავარი კვალი - შავი ბოლი ჯერ კიდევ ჩამქრალი არ იყო. ის რეაქტორის მეოთხე ბლოკში, ავარიის უშუალო ადგილას, დღეში რამდენჯერმე მანქანით შედიოდა და გამოდიოდა. ამბობს, რომ იქ ყოფნისას, თვენახევარში 17 კილოგრამი დაიკლო. მას შემდეგ სახსრები და გული აწუხებს და ღვიძლის პრობლემები აქვს. თუმცა, ყველაზე მეტად ჩერნობილში გატარებული დღეები, როგორც თავად ამბობს, მის ფსიქიკაზე აისახა.

„თვენახევრის განმავლობაში ყოველდღე შევდიოდით რეაქტორში, დაცვლიდნენ მანქანას, გამოვდიოდით და ასე... ნახევარი საათი იყო იქ გაჩერების დრო. ჩემთვის ყველაზე მძიმე, პირველი შთაბეჭდილება იყო ის, რომ მანქანა, რომელსაც ვმართავდი, ტყვიის ფენებით იყო დაცული. მახსოვს, ძალიან ცხელოდა, პირზე ნიღბები გვეკეთა, ფანჯრები აწეული და ასეთ გაუსაძლის პირობებში ვიყავით“, - იხსენებს ზურაბ ქირია.

ისიც კარგად ახსოვს, რეაქტორიდან გამოსვლის შემდეგ მანქანას დეზინფექციაც რამდენჯერმე უკეთებდნენ. შემდეგ ტანსაცმელს აცვლევინებნენ, ჩაიში ერთ აბ წამალს უგდებდნენ და დაკონსერვებულ საჭმელს აჭმევდნენ.


„მოჰქონდათ ბორჯომი, რომ ხსნიდი, ერთი ყლუპის შემდეგ ვერ დალევდი, აღარ ვარგოდა. რაღაც წამალს გვასმევდნენ, რომ დასხივება არ მიგვეღო, მაგრამ რეალურად წამალი იყო თუ რა, კაცმა არ იცის“, - მას დღესაც ეჭვი ეპარება ამ წამლის დანიშნულებაში.

ჩერნობილში რომ იმყოფებოდა, ოჯახს 5 თვის შემდეგ შეატყობინა. ამბობს, რომ ამ ამბის გაგებიდან 20 დღეში მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა.

სერიალ „ჩერნობილმა“ მასზეც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. გვიყვება, რომ ფილმში ასახული მოვლენები 100%-იანი სიზუსტიცაა გადმოცემული და ნანახმა კადრებმა მისი მოგონებები გააცოცხლა.

„ფილმი რომ ვნახე, ზუსტად ის ადგილებია, სადაც ჩვენ ვიყავით, სადაც ვმსახურობდით, ზუსტად ის კარი, საიდანაც შევდიოდით რეაქტორში. შიგნითაც ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც სინამდვილეში იყო“, - ყვება ზუგდიდში ჩერნობილის კავშირის დამფუძნებელი.

ამბობს, რომ ჩერნობილის მთავარი კვალი მის ცხოვრებაში მუდმივი სიკვდილის შიშია, თუმცა ახლა აინტერესებს, რა ხდება ქალაქში, რომელმაც მისი ჯანმრთელობა შეიწირა.

მაშინ, როდესაც უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე რეაქტორზე საუკუნის აფეთქება მოხდა, ბორის შეროზია 18 წლის იყო და საბჭოთა ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. აფეთქებიდან ერთ კვირაში სხვა თანატოლებთან ერთად მატარებელში ჩასვეს და ელექტროსადგურამდე რკინიგზის მშენებლობა დაავალეს. აფეთქებულ რეაქტორამდე ასიოდე მეტრი აშორებდათ. ჩერნობილში ერთი თვეც არ გაუტარებია, თუმცა ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისთვის ჯანმრთელობა შეერყია. ამბობს, რომ იქ ყოფნის დროს წონაში სწრაფად დაიკლო და თმები რამდენიმე დღეში გაცვივდა. ასეთი იყო რადიაციის პირველი კვალი ზუგდიდელ ბიჭზე, რომელსაც ჩერნობილმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაც დაუტოვა.

ბორის შეროზია

„იმ დროის გახსსენება საერთოდ არ მინდა. ძალიან მიჭირს, არც ოჯახის წევრებთან ვსაუბრობ და არც მეგობრებთან ამაზე. ხანდახან მესიზმრება ხოლმე და მერე ადამიანად აღარ ვვარგივარ. სამუდამოდ გებეჭდება გონებაში“, - ამბობს ბორის შეროზია, თუმცა რადიო „ათინათთან“ ჩერნობილში გატარებული რამდენიმე კვირის დეტალებს მაინც იხსენებს.

გვიყვება, რომ ირგვლივ ყველაფერი ერთმანეთზე უარესი იყო და ყოველი დღე სიკვდილის შიშით იწყებოდა და მთავრდებოდა. არც იმის სჯერა, რომ რადიაციის დონე, რომელსაც ყოველდღე უზომავდნენ, ზუსტი იყო და არც იმის, რომ დღეში რამდენჯერმე გამოცვლილი სპეცფორმა იცავდათ.

„რეაქტორამდე რკინიგზა გავყავდა, ნიღბები გვეკეთა. სამუშაოს შემდეგ აბანოში მივყავდით, ტანსაცმელს ვიცვლიდით, მერე შემოწმება იყო და ა.შ. ახლა ვფიქრობ და ვასკვნი, რომ რეაქტორიდან გამოსულს, ერთს გახდიდნენ და ჩააცვამდნენ მეორეს... დასხივების ზომებს კანფეტებივით არიგებდნენ, სინამდვილეში ზუსტს არავინ გეტყოდა. წკაპ-წკაპ , წკაპ-წკაპ -ასეთ ხმასთან ასოცირდება ჩემთვის ჩერნობილი, რომელსაც რადიაციის საზომი გამოსცემდა “, - გვიყვება ვეტერანი.

ჩერნობილიდან ჯარში დაბრუნებულს ზუგდიდში ჩამოსვლა და ახლობლებთან შეხვედრა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ სურდა. დედამ მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაიგო, რომ მისი შვილი მსოფლიოს უდიდესი ატომური კატასტროფის შუაგულში მუშაობდა.

აფეთქებიდან 33 წლის შემდეგ ბორის შეროზია ამბობს, რომ ჩერნობილი მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მოგონება და მოუშუშებელი ტკივილია, ამიტომაც არ უყურა ამერიკულ სერიალ „ჩერნობილს“და მით უმეტეს, არც რუსების მიერ გადაღებულის ნახვას აპირებს.

ზურაბ ქირია სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩერნობილელთა კავშირს ხელმძღვანელობს, ბორის შეროზია და ვანო თოდუა კი სხვა ზუგდიდელ „ჩერნობილელებთან“ერთად ამ კავშირის წევრები არიან. წლების წინ, როდესაც კავშირი დაარსეს, იმედოვნებდნენ, რომ სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა, მათ ერთობას თავად ნახევრად ხუმრობით „უპატრონოთა“ კავშირს უწოდებენ.

ამბობენ, რომ საქართველოში ჩერნობილში მომსახურე პირებს, რომლებსაც პირველი ჯგუფის შშმ პირების სტატუსი აქვთ და ვეტერანებთან გათანაბრებულები არიან, სახელმწიფოსგან ყველაზე ნაკლებ დახმარებას იღებენ.

„სირცხვილია, რომ ჩვენ პენსია გვქონდეს 200 ლარი, ვეტერანის 22 ლარი და წელიწადში ერთხელ 100 ლარს გვაძლევენ. ერთხელ შეგვკრიბეს და რაღაცები გადმოგვცეს. ყველაზე მეტად ლობიო დაგვამახსოვრდა. თბილისში ონკოლოგიურ საავადმყოფოში გამოკვლევების გავლის შემდეგ დიაგნოზად ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება დაგვისვეს. მუდმივაად გვჭირდება, პირველ რიგში, სამედიცინო გამოკვლევები, მაგრამ სახელმწიფო ყურადღებას არ გვაქცევს“, - ჩივიან „ჩერნობილელები“.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2000 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 78 ზუგდიდელი იყო. მათი ნაწილი გარდაცვლილია.

უკრაინის ქალაქ ჩერნობილში, პრიპიატთან ახლოს, ოცდაცამეტი წლის წინ დრო გაჩერდა. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ისტორიაში უდიდესი ბირთვული ავარია მოხდა, როდესაც მისი ოთხი რეაქტორიდან ერთ-ერთი აფეთქდა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი, რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად დღემდე 70 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ქალაქი ამ დრომდე ცარიელია და იშვიათად იქ მხოლოდ ტურისტები ჩადიან.

ავტორები:
სალომე ფაცაცია
სოფი კეკელია


Print