მულტიმედია
წელს სამეგრელოდან იტალიაში 20 ტონამდე ლოკოკინას გაიტანენ (ვიდეო)
ამიერკავკასიაში პირველად ლოკოკინების ფერმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ორი წლის წინ მოეწყო. ფერმა სახელწოდებით „ნადი გრუპი“ 7 ჰა-ზე ფართობზეა გაშენებული და ფიქრობენ, რომ წელს 20 ტონამდე ლოკოკინას აწარმოებენ. კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ნადარაია ამბობს, რომ მოლუსკების მოშენება მსოფლიო ბაზრის შეწავლის შემდეგ გადაწყვიტა. მან საჯიშე ლოკოკინები სოფელ ხიბულაში იტალიიდან ჩამოიყვანა და მის ექსპორტზე გატანაშიც იტალიელი პარტნიორები ეხმარებიან.

„ისეთი რამის გაკეთება გვინდოდა, რაც საქართველოსთვის არატრადიციული დარგი იქნებოდა. საუბარი იყო ბაყაყების ფერმაზე, მაგრამ ბაზრის შესწავლის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მისი რეალიზაცია რთულია და არ არის მომგებიანი. შემდეგ შევისწავლეთ მოლუსკების წარმოება. აღმოჩნდა, რომ ბაზრის 40% აუთვისებელია და ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მასზე მოთხოვნა იზრდება. საჯიშე ლოკოკინები ორი წლის წინ ჩამოვიყვანეთ იტალიიდან. უკვე ახალი თაობა გვყავს. მომავალ წელს უკვე 100%-იანი მოსავალი გვექნება. ჩვენი ლოკოკინები ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება“, - გვითხრა საწარმოს დამფუძნებელმა.

მერაბ ნადარია ამბობს, რომ ევროკავშირის ბაზარზე 1კგ მოლუსკის ფასი 3-დან 7 ევრომდე მერყეობს. "ნადი გრუპი" ევროკავშირის ბაზარზე მომავალი წლიდან ლოკოკინის ლორწოს გატანასაც გეგმვას.

"ლოკოკინის ხორცის გარდა, მისი ლორწოს გატანასაც ვაპირებთ, რაც გამოიყენება კანის მოვლის საშუალებებისთვის და მედიცინაში. შემოსავლებით, ის ხორცის რეალიზაციისგან მიღებულ მოგებას უტოლდება. ეს მიმართულება ცნობილია, შესწავლილია და დაკვეთილია შესაბამისი აპარატებიც. საკმაოდ ძვირადღირებულია და უკვე მზადდება. ჩამოგვაქვს მომავალი წლის გაზაფხულზე და ვიწყებთ ლორწოს წარმოებას", - თქვა მან.

„ნადი გრუპის“ დამფუძნებელი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებასაც გეგმავს, რაც ამ მიმართულებით სხვა ფერმებსაც გაუკვალავს გზას. მეწარმე მიიჩნევს, რომ ეს სიღარიბის დაძლევისა და მოსახლეობის სოფლად "დამაგრების" ერთ-ერთი გზაა.

ლოკოკინების მოვლა „ნადი გროუპში“ დასაქმებულებს არ უჭირთ. ამბობენ, რომ მთავარია მათ წყალი და საკვები არ მოაკლდეთ.

“გვალვიან პერიოდში 6 ჰექტარის მორწყვას, დაახლოებით, 100-120 ტონა წყალი სჭირდება. საკვებად კი, კომბოსტო, სტაფილო, სამყურა და სალათის ფოთლებს ვაძლევთ და ის იტალიიდან ჩამოგვაქვს. საწარმოში 10 მუდმივი თანამშრომელი მუშაობს, ხოლო მოსავლის აღების დროს მათი რაოდენობა იზრდება. საწარმოში ძირითადად დასაქმებული არიან ადგილობრივები. მათი ყოველდღიური საქმიანობაა დილით ფართობს შემოუარონ, რადგან ლოკოკინები დამცავ ბადეზე ძვრებიან და საჭიროა მათი უკან დაბრუნება. მათთვის შუაგულ მზეზე ყოფნა არ შეიძლება და მცენარეებში იმალებიან“, - ამბობს ნადარაია.

ფერმა სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. მის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
Print