მულტიმედია
ხობში ფერმერი ძმები 80 ტონა გოგრის მოსავალს ელოდებიან (ფოტო/ვიდეო)
ხობის სოფელ თორსაში 4 ჰექტარზე გოგრის პლანტაციაა გაშენებული. აქ ძირითადად ორი სახეობის კვახი მაგარკანიანი ანუ ხოკერა და დიდნაყოფაა მოყვანილი. ამ კულტურის გაშენება ძმებმა როზმან და ტარიელ ბერიძეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გასულ წლებში სხვა ბაღჩეული კულტურა  აზიურმა ფაროსანამ გაუნადგურა. ისინი წელს 80 ტონა გოგრას ელოდებიან.

„აქ მომყავდა კიტრი პომიდორი, ბადრიჯანი და სხვა კულტურები. მაგრამ მას შემდეგ რაც მავნებელი გამოჩნდა სხვა ვერაფერი მოგვყავს, ფაროსანამ ძალიან გვაზარალა. შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ დაგვეთესა გოგრა. ვფიქრობ  რომ იდეამ გაამართლა და წელს კარგი მოსავალი გვაქვს. ჩემი დაკვირვებით ფაროსანა გოგრას ნაკლებად ვნებს“, - ამბობს როზმენ ბერიძემ.

ფერმერი ამბობს, რომ აქ მოყვანილი გოგრა ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს შხამ-ქიმიკატებს. აზიურ ფაროსანასაც მექანიკური გზით ებრძვიან.

„რამდენიმე ადგილას გვაქვს დამონტაჟებული მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი. როდესაც ფაროსანები მის გარშემო შეგროვდებიან, მხოლოდ იმ კონკრეტული ადგილების შეწამვლა ხდება და არა მთელი ფართობის“, - გვითხრა მან.

ბერიძეები თორსაში ხუთ წელზე მეტია ცხოვრობენ. აქ ძმები ზუგდიდიდან სწორედ იმიტომ გადასახლდნენ, რომ სოფლის მეურნეობისთვის მოეკიდათ ხელი.

„ექვსი წლის წინ შემთხვევით მოვხვდი ამ სოფელში, ძალიან მომეწონა ეს ადგილი და რადგან სოფელი გვიყვარდა გადავწყვიტეთ აქ დავსახლებულვიყავით. პროფესიით აგრონომი ვარ, მაგრამ ამ მიმართულებით მანამდე არასოდეს მიმუშავია. რა თქმა უნდა ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა ამ საქმეში“, - თქვა მან.

გოგრებს ძმები, ძირითადად, ზუგდიდის ბაზარში ყიდიან. ერთი კილოგრამის ფასი 1,5-დან 2 ლარამდე მერყეობს. ამბობენ, რომ მისი რეალიზაცია არ უჭირთ და მოსავალი გასაყიდად ყოველ მეორე დღე გააქვთ.
Print