მულტიმედია
ახალგაზრდა ფერმერის თამბაქოს საცდელი პლანტაცია ჩხორიაში (ვიდეო)
27 წლის ზუგდიდელმა პაატა სორდიამ ჩხორიაში თამბაქოს პლანტაცია გააშენა. ახალგაზრდა ფერმერმა სამ ჰექტარ მიწის ფართობზე თამბაქოს ყველაზე გავრცელებული ჯიშები, მათ შორის, სპექტრი,ვირჯინია, ქსანტი და ბამბო დარგო. ფერმერი ამბობს,რომ ამ კულტურის მოყვანის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თამბაქოს შესახებ ახალი რეგულაციები შემოვიდა ძალაში.

„წინ წამოიჭრა თამბაქოს თემა, ახალი დაბეგვრებით. გაძვირდა სიგარეტი და შესაბამისად მოთხოვნაც გაიზარდა, თუმცა მიწოდება არ არის. საკუთრებაში გვქონდა მიწა, რომლის დამუშავებაც შეიძლებოდა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გეგმები არ გაგვაჩნდა მოვკიდეთ ამ საქმეს ხელი“, - ამბობს პაატა სორდია.

ახალგაზრდა ფერმერი 1,5 ტონა მოსავალს ელოდებოდა, თუმცა ამბობს რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო გარკვეული შეცდომები დაუშვა და მხოლოდ 500კგ თამბაქოს აღება შეძლო.

„პირველ წელს რაც გავაკეთეთ იყო ნაჩქარევად, ექსპრომტად. არ გვქონდა საკმარისი გამოცდილება, ვერც მოვიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ სხვების გამოცდილება მაინც გამოგვეყენებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფრის გაკეთება მოგვიწია ჩვენით. წელს 3 ჰექტარზე დავრგეთ. ექვსი სხვადსხვა სახელობის თამბაქოს ნერგი გვქონდა დარგული. მოსავალს ველოდებოდით ტონა ნახევარს, მაგრამ ხუთასი კილო ავიღეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნაჩქარევად მოხდა პლანტაციის გაშენება. დარგვაც დაგვიანდა და იყო ის გაუათვალიწინებელი ნიუანსები, რაც არ ვიცოდით“, - გვითხრა მან.

ამჟამად მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე აღებულია და თამბაქოს  ფოთლები  ბუნებრივ პირობებში შრება.  ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი პაატა სორდია მის გაყიდვას ბათუმში გეგმავს.

პაატა სორდია მომავალ წელსაც აპირებს პლანტაციის გაშენებას და ამ კუთხით დაგროვილ ცოდნას მაქსიმალურად გამოიყენებს.

Print