მულტიმედია
ბებია, რომელიც ოჯახს ტაქსისტობით არჩენს (ვიდეო)
53 წლის ელიზა ლაგვილავა მოქალაქეებს საკუთარი ავტომობილით ემსახურება. ამბობს, რომ ტაქსისტობაზე არ უოცნებია, თუმცა საქმე, რომელსაც ახლა აკეთებს მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური საპასუხისმგებლო და დამღლელია, ცდილობს, მუდამ პოზიტიური იყოს და მგზავრების განწყობაზეც იზრუნოს.

„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური დატვირთვაა. ვცდილობ, ყურადღებით ვიყო და აზრები არ გამეფანტოს, ვიყო ფორმაში და მოვაწესრიგო გარემო, რომ მომხმარებლისთვის კომფორტული გავხადო მგზავრობა. მიყვარს ადამიანები და მათგანაც ძალიან ბევრი პოზიტივი მოდის,“ - გვეუბნება ელიზა.

ელიზა ლაგვილავა ზუგდიდში, ტაქსის გამოძახების სერვისშიც მუშაობს და მოქალაქეებს კერძოდაც ემსახურება. წლების განმავლობაში რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, მუშაობდა რესტორანში, იყო ძიძა, თუმცა შემოსვლის სიმწირის გამო იძულებული გახდა ტაქსის მძღოლი გამხდარიყო. ელიზას ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს, თავისი შემოსავლით ის ავადმყოფ დედას და დასაც არჩენს.
იხსენებს, რომ ოჯახის წევრებისთვის მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ქალი ტაქსის მძღოლი არც მის მგზავრებს უკვირთ. თავს კანონმორჩილ მძღოლად მიიჩნევს, ყოველთვის იცავს მოძრაობის წესებს და არ აჭარბებს სიჩქარეს მაშინაც კი, როდესაც ძალიან ეჩქარება.

Print