მულტიმედია
სამეგრელოსა და აფხაზეთის საბჭოთა ოკუპაცია (ფოტო/ვიდეო)
მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის 25 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა თბილისი აიღეს და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, ცალკეულ რეგიონებში ბრძოლები არ წყდებოდა. ზუგდიდელი ისტორიკოსი ლაშა ჯიქია გვიყვება, რომ რუსეთის მეცხრე არმია, რომელიც სოჭი-ტუაფსეს მიმართულებით იყო დაძრული, აფხაზეთს 18 თებერვალს მოადგა და იმავე დღეს აიღო სოფელი პილენკოვო.
"ამის შემდეგ მათ დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ ქართული ჯარისგან. ქართველები და აფხაზები გვერდიგვერდ იბრძოდნენ ამ დროს. ეს წინააღმდეგობა ძალიან გაუკვირდათ რუსებს და ამიტომაც მიიღეს რეზერვის შევსების გადაწყვეტილება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მასობრივი შეტევა, რის შედეგადაც 22 თებერვალს დაეცა გაგრა. ამის შემდეგ ქართული ჯარი ახერხებს კონცენტრირებას და ახალ ათონთან ქმნის თავდაცვის ახალ ზღუდეს. ჩვენმა სამხედროებმა ახალ ათონთან რამდენიმეჯერ დაამარცხეს რუსული არმია, თუმცა საბოლოოდ, ხაზი გაირღვა. ამ დროს უკვე ზღვიდანაც გვიტევენ... 4 მარტს დაეცა სოხუმი. რუსულმა არმიამ მოახერხა თავისი ძალების გაშლა და წამოვიდნენ ენგურის მიმართულებით, 7 მარტს აიღეს ოჩამჩირე", - ამბობს ლაშა ჯიქია.

ისტორიკოსი გვიყვება, რომ მე-9 არმია სოფელ რუხთან, ენგურის ხიდის მიმდებარედ 8 მარტს დაბანაკდა, თუმცა იმ დღეს ადიდებული მდინარის გამო ვერ მოახერხეს ზუგდიდში გადმოსვლა.
ნოე ჟორდანიას მთავრობის გენერალი დავით ართმელაძე


"გენერალ დავით ართმელაძეს მეთაურობით ქართული ჯარიც აქვე იყო განლაგებული. მაშინ ეს ხიდი არ არსებოდა, მხოლოდ ბორანი მოძრაობდა და იყო ფონი. თუმცა ამ დროს ქართული ჯარი იძულებული გახდა დაეხია სამტრედიისკენ, რადგან მტერი უკვე სამხრეთიდან შემოდიოდა. მე-9 არმიის 31-ე მსროლელმა დივიზიამ 9 მარტს ზუგდიდი დაიკავა", - გვიყვება ლაშა და დასძენს, რომ იმ დღეს მიტინგზე ძალით შეკრებილ ხალხს, ვაჭარი კინტირია ლუკავას ორსართულიანი სახლის აივნიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ ამცნეს.

ყველაზე ბოლოს სვანეთის ოკუპაცია მოხდა. მანამდე, რუსების წინააღმდეგ სვანები პარტიზანულ ბრძოლებში იყვნენ ჩართულები.

"1924 წელს საქართველოში ბოლშევიკური ტირანიის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, ე.წ. "დამოუკიდებლობის კომიტეტმა" (დამკომი) მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, შეძლო ბოლშევიკების დროებით დამარცხება, თუმცა სამწუხაროდ ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობა ჩაახშვეს. მრავალი საზოგადო მოღვაწე და მამულიშვილი დახვრიტეს და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მზისგულზე დაყარეს. სამი დღის შემდეგ ისინი იქვე ახლოს, საკირე მეურნეობაში, გამზადებულ ორმოში დამარხეს. ამის შემდეგ დაიწყო ბოლშევიკების გამოგონილი ბრალდებებით გამოწვეული ტერორი "განკულაკება", "პოლიტიკურად არასანდო ელემენტების ლიკვიდაცია" და სხვა", - ამბობს ლაშა ჯიქია.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ 1930 წელს ზუგდიდის მაზრა გაუქმდა და მის ტერიტორიაზე შეიქმნა ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონები.
Print