მულტიმედია
"ლილაიობ“ - გათხოვილი ქალის მონახულების მივიწყებული ტრადიცია სვანეთში (ფოტო/აუდიო)
სვანეთში ტრადიციული დღესასწაული „ლილაიობ“ აღდგომის მარხვამდე, ყველიერის კვირაში აღინიშნებოდა. ამ დღეს მამისეულ ოჯახს აუცილებლად უნდა მოეკითხა გათხოვილი ქალი. ძმას, მამას ან რომელიმე ნათესავს ქალთან - „ჰასვიშთან“ მიჰქონდა სურსათ-სანოვაგე, ტანსაცმელი და აუცილებლად შალის თბილი წინდა.
ერთ-ერთი ადგილობრივი დალი ფალიანი გვიყვება, რომ „ლილაიობის“ ტრადიცია მოდის დედა ცხვრის სვანური სახელწოდებიდან -,,ლილაი'', რადგან სვანები დოვლათს, სითბოს და თანადგომას მას უკავშირებდნენ.
,,რაც სამყარო დაიწყო და მზე და მთვარე გაჩნდა, იქიდან მოყოლებული ამ დღესასწაულს აღნიშნავენ ჩვენთან. შალთან იყო ყველაფერი დაკავშირებული, ჩოხასთან, შარვლებთან, კაბებთან და ა.შ. თავის მხრივ, შალი ხომ ცხვარს უკავშირდება. „ლილაიობის“ მთავარი მიზანი ის იყო, რომ ქმრის ოჯახში ქალს ცუდად არ ეგრძნო თავი. ვისაც ბევრი „ლილაი“ მიუვიდოდა, ის ქალი ძლიერი ოჯახის შვილად და დაფასებულად ითვლებოდა. ეს იყო ერთგვარი მზითვი, რომელიც მხოლოდ ერთხელ კი არა, არამედ ყოველ წელს მიჰქონდათ ქალთან“
, - ამბობს ის.

მესტიის მკვიდრი მთვარისა ჯაჯვანი ამბობს, რომ თუ ქალს "ლილაის“ არ მიუტანდნენ, ის ქმრის ოჯახში დაჩაგრულად გრძნობდა თავს.


„კლიმატური პირობებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები „ჰასვიშის“ მოკითხვას. ამიტომ ეს კარგი მიზეზი იყო, რომ მოენახულებინათ შვილები, დები თუ ნათესავი ქალები. ვისთანაც ვერ მიდიოდნენ, ის ქალი ოჯახში თავს დაჩაგრულად გრძნობდა, ამიტომ ყველა მშობელი თუ ნათესავი ცდილობდა ქალის მოკითხვას და ამ დღისთვის მთელი წელი ემზადებოდნენ“
, - გვითხრა მთვარისა ჯაჯვანმა.

დღეს ძველი ტრადიცია ,,ლილაიობ'' დავიწყებას მიეცა და ის მხოლოდ ერთეულებს ახსოვთ.

Photos: William Osgood
Print