მულტიმედია
ზუგდიდში ძაღლმა, რომელმაც შვილები დაკარგა ურნასთან დატოვებული ლეკვები "იშვილა" (ფოტო, ვიდეო)
მიუსაფარმა ძაღლმა, რომელიც სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამი ახალშობილი ლეკვი მას შემდეგ იშვილა, რაც საკუთარი დაკარგა. სავაჭრო ობიექტში მომუშავეების თქმით, მაკე ძაღლს ადამიანებმა სცემეს, რის გამოც მან მკვდარი ლეკვები გააჩინა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა.
"სცემა ვიღაცამ და დაეღუპა თავისი ლეკვები, საშინელ დღეში იყო. დილით სამსახურში მოსულს მკვდარი ლეკვები მანახა, ტიროდა ადამიანივით, საცოდაობა იყო ამის ყურება. ძალიან დაგვეხმარა ახლოს მომუშავე ვეტ-ექიმი, ბატონი ემზარი, რომელმაც აუცილებელი ნემსები გაუკეთა. წუხელ კი ვიღაცამ აქვე ახლოს ნაგვის ურნასთან დასვა თვალაუხელელი ლეკვები. ჩვენმა "ბუძღუკამ" სათითაოდ ყველა გადმოიყვანა, გალოკა და აგერ ხედავთ თქვენც, როგორ უვლის", - გვითხრა ადგილობრივმა მანანა კემულარიამ.
მისივე თქმით, ცხოველთა მიმართ აგრესიული და სასტიკი მოპყრობის ფაქტები ხშირია.

"შეიძლება ძაღლი უბრალოდ იწვეს, არაფერს აშავებდეს და გამვლელმა ფეხი ან ჯოხი ჩაარტყას. აღიზიანებთ ისედაც გასაცოდავებული ცხოველის ნახვა. მადლობა სავაჭრო ცენტრის დირექციას, რომ ხშირად გვაძლევს უფლებას ცხოველები შევიფაროთ, როგორც მაგალითად ეს დედა-ძაღლი. სხვათა შორის თავის დროზე "ბუძღუკაც" თავის 4 და-ძმასთან ერთად აქ დატოვეს ურნასთან, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი ლეკვი გადარჩა და აქ გამოვკვებეთ. მოვაჭრეებიც და უფროსობაც გვერდში გვიდგას", - ამბობს ის.
ცხოველთამოყვარული ამბობს, რომ ამ ეტაპზე "ბაძღუკას" და მის შვილობილებს სახლი სჭირდებათ. მას მოქალაქეების ძალისხმევის და თანადგომის იმედი აქვს.
Print