მულტიმედია
„შილი“ - ნინი გრიგოლაიას ნაქსოვი ჩანთები მეგრული სახელწოდებით (ფოტო)
ზუგდიდელი ნინი გრიგოლაია ჩანთების ქსოვით დაახლოებით ერთი წლის წინ დაინტერესდა. ინტერნეტში საჭირო ინფორმაცია მოიძია და ხელნაკეთი ნივთის დამზადების ტექნიკაც შეისწავლა. მუშაობისას, ძაფების გარდა, სპეციფიურ მასალას - ორგანულ მინას და ხეს იყენებს, რაც, მისი თქმით, საკმაოდ შრომატევადი პროცესია. საკუთარ ნაწარმს სახელწოდებაც შესაფერისი და ჟღერადი შეურჩია - „შილი“, რაც მეგრულად „მოქსოვილს“ ნიშნავს.„ვიყენებ მასალას, რომელსაც t-shirt yarn ეძახიან, რაც მაისურის ძაფებს ნიშნავს. ფაქტიურად,  მაისურები იჭრება ზოლებად. გარდა ამისა,  ჩანთის დასამზადებლად ვიყენებ ხის ფანერებს და ორგანულ მინას, რომელსაც მე თვითონ ვაჭრევინებ და სასურველი ნახატებით ვაპრინტვინებ“, - გვიყვება ნინი.პირველი 15 ჩანთა საახალწლო ბაზრობაზე გაიტანა და მალევე გაყიდა, რამაც საქმიანობის გაგრძელების სტიმული მისცა. როგორც ამბობს, მიუხედავად ონლაინ სივრცეში  მაღალი კონკურენციისა, „შილის“ პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია.„ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრს მოსწონს ხარისხი, სტილი და ნაკეთობის რეალური ფასი. პირველი ეტაპი გაიარა ჩემმა პროდუქტმა და მომხმარებლების რიცხვიც დღითიდღე იზრდება. ისინი მე მენდობიან და ამ კმაყოფილი ემოციებით ვიმუხტები, ახალ ძალას ვპოულობ. ყოველთვის სიახლეს ვეძებ და ვთავაზობ მყიდველებს, რაც ამართლებს“, - აღნიშნა მან.ნინი გრიგოლაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინს სწავლობს. ჩანთების გარდა, სხვა მიმართულებაზე - მინანქრისა და ვერცხლის სამკაულების დამზადებაზეც მუშაობს.„უნივერსიტეტმა ძალიან შემიწყო ხელი. სამკაულების დასამზადებლად მათ ინვენტარს ვიყენებდი, შემდეგ კი შემოსული თანხით შევიძინე საჭირო ხელსაწყოები. „გრინი“,  ანუ ჩემ მიერ სამკაულების და აქსესუარების წარმოება იყო ერთგვარი პირველი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი ამ სფეროში მეპოვა“, - ამბობს ნინი. ამ ეტაპზე მარტო მუშაობს და ოცნებობს საკუთარ სახელოსნოზე. სურს საკუთარი გამოცდილება და ენთუზიაზმი სხვასაც გაუზიაროს. ამბობს, რომ მის გარშემო ახლაც ბევრი ადამიანია, ვინც ეხმარება ისეთი საკითხების მოგვარებაში,როგორიცაა პროდუქციის რეკლამირება, ფოტოების გადაღება, მიტანის სერვისის ორგანიზება.„აუცილებლად ვაპირებ მქონდეს ჩემი სახელოსნო-მაღაზია, რაც ძალიან მჭირდება.  განსაკუთრებით  მინანქრისთვის, რადგან მასზე მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე  მავნეა საცხოვრებელ ოთახში მისი კეთება. ვგეგმავ მინანქრის საათების გაკეთებას, ეს იდეა დიდი  ხანია მაქვს, თუმცა სამწუხაროდ ვერ განვახორციელე  ტექნიკის არქონის გამო... იმედია ამასაც მოვახერხებ და გავახარებ ჩემს მომხმარებელს“, - გვიამბო მან სამომავლო გეგმების შესახებ.დღეს, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, სახლში რჩება, რათა საფრთხე არ შეუქმნას არც საკუთარ  და არც სხვის სიცოცხლეს. იმედი აქვს, რომ მალე ყველა დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ისიც თავისი მიზნებისთვის გააგრძელებს შრომას.

ფოტოები: ანნა კანდელაკი
Print