მულტიმედია
ქრისტინა, მეტსახელად "ლუღი", რომელიც ექიმობასა და დიდ წითელ სახლზე ოცნებობს (ვიდეო)
5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე, რომელსაც ფეისბუკის მომხმარებელმა მოფერებით „ლუღი“ შეარქვა, მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში ცხოვრობს.

ფანჩვიძეების ოთხოთახიანი ოდა სახლი, თითქმის დანგრეულია. არ აქვს კარ-ფანჯარა და ჭერი. იატაკის ნაწილი კი, რაც სახლს შემორჩა დამპალი და ჩაშლილია. ქრისტინას მამა, ბებია და ბიძა ზრდიან. ოჯახი ახლა ოროთახიან დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს. იქ ერთადაა მისაღებიც, სამზარეულოც და საძინებელიც. ამ პირობებში უვლიან ოჯახის მეხუთე წევრსაც, ქრისტინას მამიდას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.


როგორც ქრისტინა ამბობს, მისი „სახლი ყველგან გახვრეტილია, აი, კარებთანაც გახვრეტილია, აი, აგერაც გახვრეტილია“.

„მინდა წითელი სახლი მქონდეს, კომპიუტერი მინდა, აი, თავისი მაგიდა, რომ მოყვება და კიდევ ველოსიპედი მინდა, მაგრამ ყველაზე მეტად დედა მენატრება. მამა კი ყველაზე მეტად მიყვარს, მერე ბებია, ბიძა. კიდევ მამიდა მიყვარს, ის ცუდადაა, სულ წევს“, - ამბობს ქრისტინა.
ქრისტინა ექიმობაზე ოცნებობს. დიდი რომ გახდება და ბებია მოხუცი იქნება, უნდა უმკურნალოს. მანამდე, სკოლაში უნდა წავიდეს, გვპირდება კარგად ისწავლის...

იცის, რომ მისი ვიდეო, სადაც „ლუღის“ (ლეღვი) ხინკალს ადარებს, პოპულარულია. ისიც იცის, თუ რას ამბობენ მასზე.


„მამამ მაჩვენა ვიდეო. იქ წერენ ჭკვიანი გოგონა არისო. რა, არ ჰგავს „ლუღი“ ხინკალს“?! - გვეკითხება ქრისტინა და ცალ თვალს ჭუტავს პასუხის მოლოდინში.

ხილიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ლეღვი უყვარს, თუმცა არა, ყველაზე უფრო „ტკბილები“. „ხილიდან“ კიდევ ძალიან უყვარს შაურმა და ხაჭაპური.

ტარიელ ფაჩვიძემ, შვილთან და ცოლთან ერთად, ქობულეთში სამი წელი იცხოვრა. ამბობს, რომ აჭარაში ციტრუსის მკრეფავად მუშაობდა და ბავშვს საკვებს არ აკლებდა, თუმცა ოჯახური მიზეზების გამო შვილთან ერთად სოფელში დაბრუნება მოუწია.

ფაჩვიძეების ერთადერთი შემოსავალი ორი ადამიანის პენსია და სოციალური დახმარებაა.

„ის გვაქვს, რასაც ხედავთ. დაგვეხმარნენ მუნიციპალიტეტიდან, მაგრამ იმდენი არ იყო სახლის გარემონტებას, რომ ჰყოფნიდა. არც მიწა გვაქვს, სიმინდი რომ მოვიყვანოთ. 30 ძირი თხილი გვაქვს მხოლოდ. ახლა არანაირი სამუშაო არ არის, მეც არანაირი სპეციალობა არ მაქვს. მთელი ცხოვრება წვალებაში გავატარე. ახლა ჩემი ერთადერთი საზრუნავი ქრისტინაა. ერთოთახიანი ბინა, რომ გვქონოდა, საჭმლის ფულს, როგორმე ვიშოვიდი“, - გვეუბნება ტარიელი და ამატებს, რომ ჯერ წარმოდგენა არა აქვს, თუ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, თუმცა ერთი რამე იცის - შვილს უნდა ასწავლოს.

სანამ ქრისტინა სკოლაში წავა და სწავლას დაიწყებს, წიწილები და ოთხი ლეკვი ჰყავს გასაზრდელი. წიწილების მოვლაში ბებიას ეხმარება, ლეკვები კი ქრისტინას ჰყავს ჩაბარებული. ამბობს, რომ როცა გაიზრდება და ექიმი გახდება, ამ „შავ-თეთრი სახლის“ ნაცვლად, ასე ეძახის სახლს, რომელშიც ცხოვრობს, აუცილებლად დიდ წითელ სახლს აიშენებს.




ავტორი:
სოფო ხუბულავა
ლევან ბებია     


Print