მულტიმედია
"თამარას მარწყვები" - ახალგაზრდა ფერმერი ქალი ოტობაიადან (ფოტო)
აფხაზეთში მცხოვრებ თამარ ძანძავას მარწყვის გაშენების იდეა 2 წლის წინ გაუჩნდა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტმა საქმიანობა 100 ნერგით დაიწყო, ახლა კი სასათბურე მეურნეობაში 1300-მდე ძირი მარწყვი აქვს. 

"მცენარეების მოვლა სულ მიყვარდა. ერთხელაც არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაკეთებულ სათბურში ვიყავით მე და დედა. შევიძინეთ პროდუქტი, რომელიც იმდენად მომეწონა, რომ  ადგილზევე გადავწყვიტე 100 ნერგის შეძენა, რაზეც უარი არ მიმიღია. შემდეგ თვითონვე გავამრავლე, გავზარდე რაოდენობა. ბევრს ვკითხულობდი, ვეკითხებოდი "კარტლისის" აგრონომებსაც... მცენარეც მიგახვედრებს რა დროს, რა სჭირდება - მთავარია მუდმივი დაკვირვება", - გვიყვება თამარი. 

ახალგაზრდა ფერმერს "სან ანდრეასის" ჯიშის მარწყვი 200კვ. მეტრზე აქვს გაშენებული. ამბობს, რომ მისი ბიზნესის განვითარებასა და სათბურის გაფართოებაში წვლილი "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ" შეიტანა, რომელიც Yes Georgia-ს და "კრისტალის" ერთობლივი პროექტია. 

"წელს 1300-მდე გავზარდე რაოდენობა და კიდევ მინდა გავაფართოვო. ქოთნებით ვაკეთებ მეორე სართულსაც, ასე მეტი ეტევა და სივრცეც ნაკლები სჭირდება. შვილივით ვეფერები ჩემს მცენარეებს, ეს ყველაფერი მაბედნიერებს და დიდ სტიმულს მაძლევს", - ამბობს ის. 

თამარი კენკრას ძირითადად მარტო უვლის, მოსავალს კი ადგილობრივ მაღაზიებში აბარებს. ბევრი მომხმარებელი ჰყავს სამეზობლოში და მიმდებარე სოფლებშიც. ისინი ადგილზე იძენენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო რეჟიმის გამო, გზები ჩაკეტილია და ამ ეტაპზე, შედარებით ნაკლები მარწყვი გაყიდა.

"ახლა აქ მყავს საკმარისი მომხმარებელი, სათბურიც არაა იმდენად დიდი, რომ მარწყვის სადმე წაღება დავგეგმო. გაჩერებას არ ვაპირებ, ალბათ მომავალში მეტი შანსი მექნება დიდ ბაზარზე გასვლის. იმედია კორონავირუსიც ჩაწყნარდება და ყველა მეწარმეს ექნება საკუთარი ნაწარმის რეალიზაციის საშუალება", - თქვა მან. 

მომავალში, როგორც თვითონ ამბობს, სათბურის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის უფრო დიდ ბაზარზე გატანას გეგმავს.
Print