მულტიმედია
სპორტი სახლში - როგორ ვარჯიშობენ ზუგდიდელი სპორტსმენები პანდემიის პირობებში (ფოტო/ვიდეო)
მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ყველა სპორტული შეჯიბრი თუ მოსამზადებელი ვარჯიში გადაიდო.

„ათინათი“
მოგიყვებათ, როგორ ცხოვრობენ ზუგდიდელი სპორტსმენები პანდემიის დროს და როგორია სპორტი სახლის პირობებში.

თეკლე შენგელია რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ წევრია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სხვების მსგავსად, ისიც სახლში რჩება და დროის დიდ ნაწილს ვარჯიშს უთმობს.

,,დღეს ინტერნეტი, სოციალური მედია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვიძიოთ ისეთი ვარჯიშები, რომლის შესრულება სახლის პირობებში ძალიან ადვილია და ცოტა ინვენტარს საჭიროებს. დილით როცა ვიღვიძებ, მთელ სხეულს ვწელავ, შემდეგ ვიღებ იმ საკვებს რომელიც მინერალებს შეიცავს და მთელი დღის განმავლობაში გვჭირდება, ორსაათნახევრის შემდეგ ისევ ვიწყებ ძალიან ადვილად შესასრულებელ ვარჯიშს, თუმცა ვცდილობ რომ ყოველ დღე უფრო დატვირთული იყოს და ვზრდი ვარჯიშების რაოდენობას’’, - გვიყვება თეკლე და აპლიკაცია „ზუმის“ საშუალებით თავისი გამოცდილებას რაგბის მოყვარულებსაც უზიარებს.

ფიდეს ოსტატი ჭადრაკში მადონა ბოკუჩავა თვითიზოლაციის დროს ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. 8 მაისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩს ონლაინ ეთამაშება. ზუგდიდელებიდან საქართველოს ნაკრების ღირსებას, 12 წლამდე ჭაბუკთა დაფაზე, მისი მოსწავლე ნიკოლოზ შამათავა დაიცავს.

მადონა ახლა შვილს ელოდება, თავისუფალ დროს კითხულობს, თარგმნის და საკუთარ მოსწავლეებს გულშემატკივრობს.

კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია მსურველებს უფასო ონლაინგაკვეთილებს 22 მარტიდან სთავაზობს. მისი ვარჯიშები საღამოს ათის ნახევარზე იწყება და 50 წუთს გრძელდება.

კიკბოქსიორის ონლაინვარჯიშებს დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. ,,მე სახლის პირობებში მომიწია ვარჯიშის გაგრძელება და გამიჩნდა სურვილი, რომ ეს ვარჯიშები გამეზიარებინა ჩემი გამომწერებისთვის და ჩვენ ერთად დავიწყეთ ვარჯიში, ეს იდეა ძალიან კარგი გამოდგა, რაც მე ძალიან მახარებს. ეს არის საკამრისი იმისთვის რომ ჩვენ დავიტვირთოთ და დავრჩეთ ტონუსში’’, - ამბობს დათო.

ქირია თავის გამომწერებს ვარჯიშებს კვირაში სამჯერ სთავაზობს. ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს იმ მონაწილეების ფოტოებსაც, ვინც მასთან ერთად ონლაინ ვარჯიშობს.

მსოფლიო ჩემპიონი მზად არის დისტანციურად გაუწიოს კონსლუტაციები კიკბოქსინგის მოყვარულებს.

ცოტა ხნით ადრე კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო მადრიდში დაგეგმილი ბრძოლა, რომელშიც ქირია ესპანელ მეტოქეს ნეინაშ ნენეას შეხვდებოდა.

სახლში რჩება ფეხბურთელი ნიკოლოზ აფაქიძეც. ის დროს ოჯახთან ერთად ატარებს და, ამ პერიოდში დროის სიმცირეს არ უჩივის, კითხულობს, თამაშობს თავის პატარა შვილთან და დღეში ორჯერ ვარჯიშობს.

,,დროს ოჯახთან ერთად ვატარებ, ჩემი შვილი ალექსი გვართობს ხოლმე, ერთად ვვარჯიშობთ, ვთამაშობთ, როცა მას სძინავს წიგნებს ვკითხულობ, სახლის პირობებში კარდიო ვარჯიშებს, პრესებს, ფიტნეს ვარჯიშებს ვაკეთებ,, - გვიყვება ნიკოლოზი.


კორონავირუსის გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ძალოსანი ნათია გადელიაც შინ ვარჯიშობს.

,,შუადღის 2 საათიდან იწყება ჩემი ვარჯიში. მწვრთნელების რეკომენდაციების და კონტროლის ქვეშ, გრძელდება 2 ან 3 საათი. ასევე ყურადღებას ვაქცევ კვებას და ვცდილობ ვიყო ობტიმალურ ფორმაში’’, - ამბობს ნათია.

ევროპის პრიზიორი 14 წლის მოკრივე თათია ბუკია ვიდრე ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია, ტრენერის მითითებებით სახლში ემზადება. იმედი აქვს რომ პანდემია მალე დასრულდება და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.









Print