მულტიმედია
,,კოვიდ-კულინარია’’ – სივრცე პანდემიის დროს სახლში დარჩენილი კულინარიის მოყვარულებისთვის (ფოტო/ვიდეო)
მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და სახლში დარჩენა ისევ აქტუალურია, ზუგდიდელმა ნინო კემულარიამ შინ გამოკეტილი დღეების გახალისება სცადა და სამზარეულოში სხვადასხვა რეცეპტის მოსინჯვა დაიწყო. კერძების შინ მომზადების პროცესი მოეწონა და გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ფეისბუკში ჯგუფი შექმნა და ზუგდიდელი დამწყები და გამოცდილი კულინარები მოიწვია.

,,თვითიზოლაციამ და დროის მოკვლის სურვილმა ბევრი ადამიანი შეიტყუა სამზარეულოში, მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ მეგობრობენ ამ საქმიანობასთან, პოსტები და კომენტარები იმდენად სახალისო იყო, რომ სურვილი გამიჩნდა ამ ყველაფრისთვის ერთ სივრცეში თავი მომეყარა, თან ეს მცირე ემოცია, რომელიც მოაქვს ამ ყველაფერს, დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს’’ , - გვითხრა ნინომ.

მისი თქმით ბევრისთვის კულინარია ჰობი აღმოჩნდა და მეგობრული, სახალისო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც დიდი პოზიტივი მოაქვს.

ჯგუფში გაწევრიანებული გურმანები ერთმანეთს უზიარებენ სხვდასხვა კულინარიულ რეცეპტს და კარანტინის პირობებში, საკუთარ სამზარეულოებში მომზადებულ კერძებს.

კლუბის წევრებმა მათ კერძებს სახელებიც კი შეურჩიეს: კოვიდ ფუნთუშები, კოვიდ პიცა კოვიდ ტორტი. ჯგუფში ერთმანეთს ასე ესალმებიან: კარანტინ დილამშვიდობისა, უკარანატინო დილა. აქ ნახავთ ქარდებსა და სახალისო პოსტებსაც.

დახურულ ჯგუფში ,,კოვიდ კულინარია’’ გაწევრიანებული არიან ზუგდიდელი ემიგრანტებიც.

ჯგუფში შვიდი კაცია გაწევრიანებული, მათ სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მოსწონთ და სიამოვნებით უზიარებენ კლუბის წევრებს მომზადებული კერძის რეცეპტებს.

ერთ - ერთი მათგანია შაკო გორდულავა, რომელმაც მისი საყვარელი პიცა მოამზადა და რეცეპტი მეგობრებს გაუზიარა.

პიცის რეცეპტი

ინგრედიენტები:

საფუარი - 2 ჩ.კ
ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
შაქარი - 1 ჩ.კ
მარილი - 1/2 ჩ.კ
ფქვილი - 350 გ

მომზადების წესი:

საფუარი თბილ წყალში გახსენით და 15 წუთი დატოვეთ. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და მარილი. გაუკეთეთ შუაში ორმო და ჩაასხით ზეთი და საფუვრიანი წყალი. კარგად გადაურიეთ, გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და კარგად დაზილეთ. ცომი რბილი, ელასტიური და ერთგვაროვანი უნდა გახდეს.. ჩადეთ ცომი ზეთწასმულ ჯამში, თავზე გადააფარეთ და თბილ ადგილას დატოვეთ ასაფუებლად, დაახლ. 1 სთ.
აფუებული ცომი 2-ად გაყავით. გააბრტყელეთ, წაუსვათ პამიდვრის სოუსი ან ცოტაა წყალში გახსნილი ტომატ-პასტა, მოაყარეთ ყველი, დაადეთ რაც გინდათ და გამოაცხეთ240 გრადუსზე 10-15 წუთი.

მიირთვით გემრიელად!

ნინომ და ჯგუფის წევრებმა ენთუზიაზმით დაგეგმეს როდესაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, „კოვიდ-კულინარიის“ წევრები, მათ ვისაც გემრიელი კერძების აღმოჩენა და მათი მომზადება მოსწონთ ბუნებაში ერთად შეიკრიბებიან.

ჯგუფის წევრები ძველი ცხოვრების დაბრუნების და გემრიელი შეხვედრის მოლოდინში არიან, მანამდე კი საკუთარ კულინარიულ ექსპერიმენტებს ერთმანეთს დისტანციურად უზიარებენ.
Print