მულტიმედია
FLEX პროგრამის მონაწილეები სამეგრელოდან - ამერიკული წელი და პანდემიის გამო შეცვლილი გეგმები
ზუგდიდელი, ხობელი და ჩხოროწყუელი უფროსკლასელები იმ 80 მოსწავლეს შორის არიან, ვინც შარშან ყველა საკონკურსო ეტაპი გადალახა და FLEX პროგრამის გაცვლითი სტუდენტი გახდა.

ახალგაზრდები გასული წლის ივლისში ამერიკის სხვადასხვა შტატში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ სკოლებში სწავლობდნენ და ორგანიზაციის მიერ შერჩეულ მიმღებ ოჯახებში ცხოვრობდნენ. თუმცა, პროგრამის არსებობის 26 წლის განმავლობაში, ეს იყო პირველი ნაკადი, რომელსაც კორონავირუსის გამო, დროზე ადრე მოუხდა საქართველოში დაბრუნება.

რამდენიმე მათგანი რადიო "ათინათს" ამერიკული გამოცდილების, პანდემიის გამო ჩაშლილი და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ირაკლი შონია ხობის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის FLEX პროგრამით ოჰაიოს შტატში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკიდან დროზე ადრე მოუხდა საქართველოში ჩამოსვლა, თვლის, რომ ამ 8 თვის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ, საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა და უფრო  აქტიური გახადა.
ელენე ჩოკორაია დაბა ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ამერიკაში მიჩიგანის შტატში ცხოვრობდა და სწავლობდა. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან პროგრამაში პირველივე ცდაზე მოხვდა. ახალ გარემოში ცხოვრება არ გასჭირვებია, რადგან, მისი თქმით, მანამდეც, საკმაოდ დამოუკიდებელი იყო. როგორც ამბობს, ყველაზე მეტად კულტურული მრავალფეროვნება და სკოლაში კი სრულიად განსხვავებული საგნების არჩევის შესაძლებობა მოეწონა.
გივი ბერაძე ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის პროგრამის ფარგლებში, ფლორიდის შტატში მოხვდა. გვიყვება, რომ პატარაობიდანვე ოცნებობდა ამერიკაზე, როგორც მიუწვდომელ ქვეყანაზე და ჩათვალა, რომ FLEX პროგრამა, მისი შანსი იყო, რომელიც გამოიყენა კიდეც. ამბობს, რომ ამერიკულმა გამოცდილებამ უფრო მიზანდასახული გახადა.
ნია ფიფია ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის ნიუ ჯერსის შტატში ცხოვრობდა. მიიჩნევს, რომ FLEX პროგრამაში მონაწილეობა, ერთ- ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან წელი იყო სრულიად განსხვავებული, ახალ აღმოჩენებით და გამოწვევებით სავსე. ოცნებაც აისრულა - ამერიკული სკოლის გუნდთან ქართული სიმღერები შეასრულა და მიუზიკლშიც მიიღო მონაწილეობა.



Print