მულტიმედია
იაპონელ ოსტატებზე შეყვარებული მუსიკოსი, რომელიც ხის სათამაშოებს ამზადებს (ფოტო)
ხელთნაკეთ სათამაშოებს და ღამის ლამპებს 28 წლის გიორგი დარჩია წლებია ამზადებს, თუმცა ნამუშევრების გაყიდვა ახლა გადაწყვიტა და ხელთნაკეთი ნივთების ონლაინ მარკეტზე, Etsy.com-ზე, მაღაზია გახსნა. ამბობს, რომ ამ ეტაპზე საბავშვო ხაზი აირჩია და ყიდის მხოლოდ სათამაშოებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა. მათი ფასი 50-დან 150 ლარამდე მერყეობს.

„მომღერალი ვარ, გიტარაზე დაკვრასაც ვასწავლი. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და სახლში მოსულს განტვირთვა მჭირდებოდა. საოცრად დადებით ემოციებს იწვევს ხეზე მუშაობა და ამიტომ დავიწყე ნივთების დამზადება. გავეცანი ძალიან ბევრ ვიდეო მასალას, ხის დამუშავების ტექნიკის შესახებ. ასევე შევისწავლე პროგრამა, რომელშიც ნახაზებს ვაწყობდი და ამის შემდეგ დავიწყე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება. თავიდან არც ისე კარგად გამომდიოდა, თუმცა მერე და მერე ვხვეწდი ნამუშევრებს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა“ ,- გვიყვება გიორგი.

ხეზე მუშაობის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. იხსენებს, რომ ბორჯომში, დედულეთში ყოფნისას, ბაბუის პატარა საოჯახო სახელოსნოში ხშირად ჩხირკედელაობდა, - „ბაბუა დასაქმებული და წარმატებული კაცი იყო, მაგრამ სახლის საქმეები ძალიან უყვარდა და მასთან ერთად სულ რაღაცას ვაკეთებდი. მაშინ ყველაზე მეტად ხის სუნი მომწონდა და ის ნივთები, რომელიც ხეზე სამუშაოდ არის საჭირო, შალაშინები და ხისმჭრელები“.
გურიაში დაბადებული და გაზრდილი, ამჟამად ოჯახთან ერთად ხობში ცხოვრობს. უნდა, რომ ხეზე მუშაობას მეტი დრო დაუთმოს, თუმცა ამ ეტაპზე მუსიკით უფროა დაკავებული. ჯგუფ Under 7-ის გიტარისტი და ანსამბლ "კოლხეთის" წევრი ძველი იაპონელი ხის ოსტატების დიდი თაყვანისმცემელია.
„კუმიკო და შოჯის ნამუშევრებთან ალბათ ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ ღამის ლამპებს, როლებსაც ვამზადებ მათი გავლენა ეტყობა. ძველი იაპონელები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე ცხოვრობდნენ, პროპორციების უზუსტესი დაცვით, ლურსმნის და სხვა მსგავსი სამაგრების გარეშე ამზადებდნენ ავეჯს და ნივთებს“, - გვიყვება გიორგი.
ფიქრობს,რომ მშობლებმა უნდა გააცნობიერონ უხარისხო პლასტმასის სათამაშოების რისკები და შვილებს ეკოლოგიურად სუფთა და ფუნქციური სათამაშოები შესთავაზონ.




Print