მულტიმედია
ახალგაზრდა, რომელიც სამეგრელოს ღირსშესანიშნავ ადგილებს მოხალისეობრივად ასუფთავებს (ფოტო)
აფხაზეთიდან დევნილი 29 წლის ნიკა ბართავა თითქმის 5 წელია სამეგრელოში ტურისტული დანიშნულების ადგილებს საკუთარი ძალებით ასუფთავებს. ამბობს, რომ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მიღებული გამოცდილება, ჩვევაში გადაიზარდა და ახლა სხვადასხვა ადგილას სტუმრად ყოფნისას, ცდილობს ადამიანებისგან დანაგვიანებული გარემო ხან მარტომ, ხან კი სხვების დახმარებით მოაწესრიგოს.

"ორგანიზაცია "საუნჯეში" ყოფნისას ჩავატარეთ რამდენიმე გარემოსდაცვითი ეკო-აქცია, მას შემდეგ ასე მომყვება ჩვევა. შეგნებულად არ დავდივარ. შეიძლება ითქვას, რომ სტუმრად ყოფნისას და უბრალოდ როცა ვარ ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ვცდილობ იქაურობის დასუფთავებას. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა მდიდარი ბუნებით, რასაც უნდა მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ, ვუპატრონოთ... ყოველ შემთხვევაში არ დავანაგვიანოთ, არ დავაზიანოთ მაინც. იცით, რომ უცხოელი სტუმრები ყურადღებას პირველ რიგში ჩვენს ბუნებას აქცევენ, სამშობლოში ჩასულები კი ამ სილამაზეს მეგობრებსაც უზიარებენ. ხშირად ეს ზღაპრული ადგილები დანაგვიანებულია, რაც სამწუხაროა", - გვიყვება ნიკა.

გასულ კვირას ის ფოთში იმყოფებოდა და მალთაყვის ტყე-პარკი ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად დაასუფთავა. ამბობს, რომ ულამაზესი ადგილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მოვლა-პატრონობის გარეშეა დარჩენილი.

"ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ფოთის მერია მათ ეკონომიკის სამინისტროში ამისამართებს, რადგან ტერიტორია სწორედ სამინისტროს ბალანსზეა. ფაქტობრივად უპატრონოდაა ულამაზესი ადგილი. აქვე მცხოვრები ახალგაზრდები დამეხმარნენ, განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის ეთო ტუღუშს და ლიკა კვიკვინიას. ხშირია შემთხვევები, როცა მარტო ვიწყებ ადგილის დასუფთავებას, ცოტა ხანში კი მოსახლეობაც ერთვება - ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია", - ამბობს ნიკა.

პროფესიით კრიმინალისტ-ფოტოდაქტილოსკოპისტს მცენარეებისა და ყვავილების მოვლასთან ერთად, მათგან სხვადასხვა დეკორაციების შექმნაც უყვარს.

გარემოს დამცველი მოხალისე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე და იქ არსებული ღირსშესანიშნაობების მონახულებაზე ოცნებობს. არ კარგავს იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მშობლიური კუთხეში დაბრუნდება და ბუნებაზე ზრუნვას იქ გააგრძელებს.
Print